საქართველოს პარლამენტი

ზარქუა: ბატონო რომან, გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას – თქვენ გენაცვალეთ, აბა, წარმატებები!

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარტლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგას, რომან გოცირიძეს მისი ავტორობით წარგდენილი პროექტის განხილვისას მიმართა და აღნიშნა, რომ შეგნებულად და არგუმენტირებულად უჭერდა მხარს რეგლამენტში ცვლილებებს.

მისი თქმით, რომან გოცირიძეს ახლა სიმართლის ობიექტურად თქმის საშუალება ექნება. "ახალ-ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს ველით- თქვენ გენაცვალეთ, აბა, წარმატებები!".- თქვა ზარქუამ. 

"ბატონო რომან, გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას! წლებია გეუბნებოდით: გამოდით ამ ბლოკიდან, გამოდით ამ ნაცებიდან. ბატონო რომან, იქ სიმართლის თქმის საშუალება არ გქონდათ. ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ გვიკამათია. ახლა უმრავლესობის გვერდით დგომით თქვენც და სხვებსაც, ვინც იქ ტყვეობაში არიან, შესაძლებლობა მოგეცათ გამოხვიდეთ და თამამად, ობიექტურად ილაპარაკოთ - თეთრზე თეთრი თქვათ, შავზე - შავი და არ ჰქონდეთ ჩემი ხაბეს რიდი და კეზერას რიდი სიმართლე თქვათ თუ არა!

[...] შეგნებულად, არგუმენტირებულად მხარს ვუჭერთ რეგლამენტში ცვლილებების პროექტს და ახალ-ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს ველით - თქვენ გენაცვალეთ, აბა, წარმატებები!".- აღნიშნა ირაკლი ზარქუამ. 

პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით იმსჯელა და 91 ხმით ოპოზიციონერი დეპუტატების რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ცვლილების მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.

ტაბულას ინფორმაციით, რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის პოლიტიკურ ფრაქციას ევროოპტიმისტები ერქმევა. გოცირიძის განმარტებით, სახელი Facebook-მკითხველის დახმარებით შეარჩიეს, კომენტარებში მომხმარებლების მიერ დაწერილი ყოველი მეორე სახელი "ევროპით" იწყებოდა.

საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით გოცირიძემ და დეკანოიძემ ინფორმაცია დღეს, 4 მაისს გაავრცელეს

რომან გოცირიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2023 წლის 17 თებერვალს დატოვა, ხატია დეკანოიძემ კი 23 მარტს. 

კომენტარები