პოლონეთი-რუსეთი

1 ივნისიდან პოლონეთი რუსულ და ბელარუსულ სატვირთო მანქანებს საზღვარზე აღარ გაატარებს

Artur Widak/NurPhoto via Getty Images

29 მაისს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც რუსულ და ბელარუსულ სატვირთო მანქანებს პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის გადაკვეთას უკრძალავს.

შეზღუდვა 1 ივნისს, განუსაზღვრელი ვადით ამოქმედდება და ის შეეხება ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სატვირთო ავტომობილებს.

გარდა ამისა, კამინსკიმ ბელარუსის 365 მოქალაქის, მათ შორის 159 პარლამენტარის სანქცირებულთა სიაში დამატების შესახებაც გაავრცელა ცნობა. მათ აეკრძალებათ პოლონეთსა და შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში შესვლა და მათი აქტივები გაყინვას დაექვემდებარება.

ვარშავის გადაწყვეტილება პასუხია პოლონური წარმოშობის ჟურნალისტისა და აქტივისტის, ანდჟეი პოჩობუტის წინააღმდეგ ბელარუსის სასამართლოს მიერ 26 მაისს გამოტანილ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც დაკავებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლონეთი აქტივისტის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს მცდარს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

კომენტარები