ქართული ოცნება

პრემიერი: ბოლო 30 წელში თუ ვინმემ რამე გააკეთა ევროინტეგრაციისთვის, ეს ვართ ჩვენ

თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფლებამ ბოლო 30 წელიწადში რაიმე გააკეთა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი წინაპრების ოცნების რეალობად ქცევის საქმეში, მე ვგულისხმობ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, ეს ვართ ჩვენ, ეს არის ქართული ოცნება. ეს არის ჩვენი ხელისუფლება. 

რატომ? აქაც გეტყვით ფაქტებით - თქვენ იცით ასოცირებული ტრიო, გსმენიათ ამის თაობაზე, უკრაინა-მოლდოვა, მანამდე იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, სადაც სხვა ქვეყნებიც შედიოდნენ და ბოლოს გამოეყო ეს ჯგუფი, სამი ქვეყანა - საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. გუშინაც, დღესაც, ხვალაც, საქართველო იყო და იქნება მოწინავე ადგილებზე ამ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. მე არ მინდა, ვინმეს შევედარო, მაგრამ მინდა, ფაქტებზე გესაუბროთ - ჩვენ 2-3 თავით წინ ვართ, ვიდრე არის მოლდოვა და უკრაინა. სხვათა შორის, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, დიდი ხანია, აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან, არც ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის და არავინ კრიტიკულ სიტყვას არ ეუბნება, მე ეს მიხარია. მე მხოლოდ მიხარია. მე მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო - მოლდოვას, უკრაინასაც, მთელს ევროპას, მთელ მსოფლიოს და ა.შ. 

თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, ეს არის ქართული ოცნება. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობა 2012-ში, მაშინ, როცა მოვედით ხელისუფლებაში. მანამდე 3 წელი იყო დაგვიანებული და წინა ხელისუფლებამ 3 წლის დაგვიანებით დაიწყო. მათ თუ რეალურად უნდოდათ ქვეყნის ევროიპეიზაცია, მაშინ კითხვას ვსვამ - რატომ დაიწყეს 3 წლის დაგვიანებით ეს პროცესი? როცა იგივე მოლდოვას, უკრაინას უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა. მეორე კითხვა მინდა, დავსვა - პასუხი მოსთხოვეთ, აქ არიან მათივე მედიის წარმომადგენლები, რატომ დაიწყო წინა ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმზე მუშაობა 2-3 წლის დაგვიანებით? ეს ფაქტებია, იგივე თავისუფალი ვაჭრობა.   

ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ყოფილი ხელისუფლება გამოდიოდა, ამბობდა, რომ მათი მიზანი იყო ქვეყნის სინგაპურიზაცია. დავიწყებული გექნებოდათ დღეს ყოველგვარი ევროპა, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ეს ცალკე საკითხია, ქვეყანა იქნებოდა ომში ჩართული. 

ამბობს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დიასპორის დღეზე საუბრისას.

კომენტარები