რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: სამხრეთ კორეა აშშ-ს დახმარებით უკრაინას საიდუმლოდ აწვდის საარტილერიო ჭურვებს

ANDREW HARNIK/ASSOCIATED PRESS

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეა აგრძელებს, ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის უკრაინისთვის გადაცემას, რის შედეგადაც, ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, კიევს შესაძლებლობა ექნება, განახორციელოს დაგეგმილი კონტრშეტევები რუსული ძალების წინააღმდეგ. ეს კი, გამოცემის ცნობით, შესაძლებლობას აძლევს აშშ-ს გადადოს რამდენიმე ქვეყნის მიერ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალების უკრაინისთვის მიწოდება. 

გადაწყვეტილება სეულის პოლიტიკის ცვლილებაა - მანამდე, ნოემბერში სამხრეთ კორეამ არტილერიის მიწოდების პირობა დადო, მაგრამ შემდეგ უარი თქვა უკრაინისთვის ლეტალური დახმარების გაწევაზე. რამდენიმე თვის შემდეგ კი აშშ-მ შემცირებული საარტილერიო მარაგის შევსებისთვის დახმარება ითხოვა.

WSJ-ის ინფორმაციით, კონფიდენციალური შეთანხმების თანახმად, სამხრეთ კორეა ჭურვებს გადასცემს აშშ-ს, რომელიც თავის მხრივ მათ უკრაინაში აგზავნის. თეთრმა სახლმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, ისევე როგორც სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელმა სეულში. 

პენტაგონმა უარი თქვა განემარტა, თუ როგორ იგზავნება ჭურვები უკრაინაში ან როდის დასრულდება ტრანსფერი, თუმცა დაადასტურა, რომ საბრძოლო მასალის შესყიდვაზე სეულთან დისკუსიას აწარმოებდა.

სამხრეთ კორეის მხრიდან მასალის მიწოდების გადაწყვეტილებამდე ვაშინგტონმა და სეულმა უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივი დეკლარაციას მოაწერეს ხელი. შეთანხმებით, სეულს უარი უნდა ეთქვა საკუთარი ბირთვული იარაღის წარმოებაზე, სანაცვლოდ, აშშ მას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული თავდასხმის წინააღმდეგ გაძლიერებულ თავდაცვას ჰპირდებოდა. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2 მილიონზე მეტი 155 მმ-იანი საარტილერიო ტყვია მიაწოდა უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ და მისი დარჩენილი მარაგი თანდათან მცირდება, რის გამოც საერთაშორისო სივრცეში აშშ-მ პოტენციური პარტნიორების ძიება დაიწყო. პენტაგონმა გამოიყენა საარტილერიო ჭურვების საკუთარი მარაგი გერმანიაში, ისრაელში, ქუვეითსა და სამხრეთ კორეაში, რათა დეფიციტი აენაზღაურებინა. 

კომენტარები