რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ: F-16-ების უკრაინაში ჩასვლას საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე თვე დასჭირდება

ამერიკის საჰაერო ძალების მდივნის, ფრენკ კენდალის თქმით, უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე თვე დასჭირდება.

კენდალმა თქვა, რომ სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება, სანამ უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების გამოყენებას.

"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ F-16-ების ან სხვა დასავლური გამანადგურებლების მნიშვნელოვანი რაოდენობით გადაცემას უკრაინის საჰაერო ძალებისთვის, სულ მცირე, რამდენიმე თვის განმავლობაში". - თქვა კენდალმა.

მისივე თქმით, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტია საჭირო ამერიკელი პილოტისთვის, რომ  F-16-ის მართვა ისწავლოს.

21 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა უკრაინელ პილოტებს მეოთხე თაობის დასავლური თვითმფრინავების, მათ შორის F-16-ების მართვის სწავლაში დაეხმარება. მან ასევე აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა, რომ თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ.

აქამდე, კვირის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო კოალიციაზე, რომლის მიზანიც კიევისთვის F-16-ების გადაცემაა. ამ კოალიციაში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, აშშ და პორტუგალია.

თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ მომდევნო თვეში აშშ და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რა რაოდენობით მიაწოდონ უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.

პარალელურად, მოსკოვი მუქარის შემცველ რიტორიკას აძლიერებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს მტკიცებით, დასავლეთის გეგმა, გაგზავნოს უკრაინაში თანამედროვე ავიაგამანადგურებლები "უზარმაზარ რისკებს შეიცავს".

კიევი F-16-ებს უკვე რამდენიმე თვეა რაც ითხოვს.

კომენტარები