ტაილანდი

ტაილანდის არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ 7 მოკავშირესთან კოალიციური პლატფორმა შექმნა

AP Photo/Sakchai Lalit

ტაილანდის წინსვლის პარტიამ, რომელმაც გასულ კვირას ჩატარებულ ეროვნულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ივლისში კოალიციური მთავრობის შექმნის იმედით, შვიდ პარტიასთან ერთად საერთო პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

23-პუნქტიან შეთანხმებაში შენარჩუნებულია იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითადი ნაწილი, რომელმაც წინსვლის პარტიას 14 მაისს გამარჯვება მოუტანა, თუმცა დოკუმენტში გარკვეულ საკამათო საკითხებს გვერდი აუარეს. მაგალითად, ყველაზე სადავო საკითხი, რომელიც მონარქიის კრიტიკის წინააღმდეგ მიმართულ მკაცრ კანონში შესწორებებს მოიაზრებს, შეთანხმების დოკუმენტში ნახსენებიც არ არის.

"ყველა მხარე თანხმდება, რომ მთავრობის არცერთმა ქმედებამ ქვეყნის უნიტარული სახელმწიფოს სტატუსზე, ქვეყნის, როგორც დემოკრატიის სტატუსზე კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში და მონარქის ხელშეუხებელ სტატუსზე გავლენა არ უნდა იქონიოს". - ვკითხულობთ დოკუმენტის ტექსტში.

წინსვლის პარტიის ლიდერის, პიტა ლიმჯაროენრატის თქმით, მოლაპარაკებები ნაყოფიერი და ყოვლისმომცველი იყო.

ცვლილებებისთვის ამომრჩეველთა განწყობის კიდევ ერთი გამომხატველი არმიის დიდი ხნის მეტოქე ოპოზიციური ფეუ თაის პარტიის მეორე ადგილზე გასვლაცაა. სწორედ ამ პარტიის მიერ შექმნილი მთავრობა 2014 წელს სამხედრო გადატრიალებით შეცვალეს.

რვა პარტიამ შეთანხმებას ამჟამინდელი პრემიერმინისტრის, პრაიუთ ჩან-ოჩას მიერ არმიის დახმარებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებიდან ზუსტად რვა წლის თავზე მოაწერა ხელი.

შეთანხმება მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა ახალი, უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ადმინისტრაციული ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, სამხედრო გაწვევიდან ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურზე გადასვლა, პოლიციის რეფორმა და სხვა.

14 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგებით, წინსვლის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა და წარმომადგენელთა პალატის 500 ადგილიდან 152 მოიპოვა. როგორც გამარჯვებულმა, წინსვლის პარტიამ მომავალ პრემიერმინისტრად საკუთარი ლიდერი, პიტა ლიმჯაროენრატი დაასახელა.

კომენტარები