2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

რესპუბლიკელი ტიმ სკოტი საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს

ტიმ სკოტი საპრეზიდენტო კამპანიას ოფიციალურად იწყებს და ერთვება რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში, სადაც მთავარი მეტოქეები ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისია. 

ერთადერთი შავკანიანი რესპუბლიკელი სენატორი, სკოტი საკუთარ კამპანიას მშობლიურ ქალაქში დაიწყებს, რომელიც ჩრდილოეთ ჩარლსტონში მდებარეობს.  

ანალიტიკოსთა შეფასებით, 57 წლის სკოტს სხვა რესპუბლიკელი კანდიდატებისგან ოპტიმისტური რიტორიკა გამოარჩევს. ქრისტიანული რწმენის გამო, რომელიც მისი პოლიტიკური და პირადი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, სკოტი ხშირად ციტირებს წმინდა წერილს თავის კამპანიის ღონისძიებებზე. 

სკოტისთვის წარმატებული გამოდგა ნოემბერში შუალედური არჩევნები, სადაც მან სამხრეთ კაროლინაში მოწინააღმდეგე 20%-იანი უპირატესობით დაამარცხა. მისი მრჩევლების თქმით, იმ შტატში, რომელიც პრაიმერის დასაწყისშია, ასეთი აბსოლუტური მხარდაჭერა, შესაძლოა, სკოტისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს. 

ამასთან, სკოტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იმაზე მეტი ნაღდი ფულით შევა, ვიდრე აშშ-ს ისტორიაში პრეზიდენტობის სხვა ნებისმიერი კანდიდატი. მას 2022 წლის კამპანიის ბოლოს 22 მილიონი დოლარი დარჩა კამპანიის საბანკო ანგარიშზე და აპირებს დაუყოვნებლივ გადაიტანოს იგი საპრეზიდენტო კამპანიისთვის.

ბევრ საკითხთან დაკავშირებით, სკოტი ეთანხმება რესპუბლიკური პარტიის მთავარ პოზიციებს. მას სურს შეამციროს სახელმწიფო ხარჯები და შეზღუდოს აბორტი. მისი თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ხელს მოაწერს ფედერალურ კანონს, რომელიც აკრძალავს აბორტს დაორსულებიდან 15 კვირის შემდეგ.

ამასთან, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, სკოტი პარტიაში სისტემურ ცვლილებებს მოითხოვდა. ის ზოგჯერ აკრიტიკებდა ტრამპის პასუხს რასობრივ დაძაბულობაზე. მათი უთანხმოების მიუხედავად, სკოტი თბილ ურთიერთობას ინარჩუნებდა ტრამპთან. მეტიც, თავის წიგნში აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი "ყურადღებით უსმენდა" მის შეხედულებებს რასიზმთან დაკავშირებით. 

პრაიმერში ტრამპის გარდა, სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი, ბიზნესმენი, ვივეკ რამასვაიმი და არკანზასის ყოფილი გუბერნატორი, ასა ჰაჩინსონი იბრძვის. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ რბოლას კიდევ რამდენიმე კანდიდატი გაზაფხულზე შეუერთდება.

როდისთვის იქნება ცნობილი რომელი რესპუბლიკელი დაუპირისპირდება ტრამპს 2024 წლის არჩევნებში?

კომენტარები