რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: ვაგნერმა ჩინეთში სანქციების გვერდის ავლით 20 ათასი ჩაფხუტი შეიძინა

ვაგნერის მებრძოლი უკრაინაში
РИА

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა გასული წლის ბოლოს ჩინეთში ათიათასობით დამცავი ჩაფხუტი სანქციების გვერდის ავლით შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს

FT-ის მიერ გაანალიზებული საბაჟო დეკლარაციებისა და ინტერვიუების მიხედვით, ვაგნერთან დაკავშირებულმა, რუსეთში დაფუძნებულმა კომპანიამ, სახელწოდებით Broker Expert, 20 000 პოლიმერული ჩაფხუტი პატარა ჩინური კომპანიისგან გასული წლის ნოემბერში და დეკემბერში შეიძინა. 

ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა Financial Times-ს ხმოვანი შეტყობინებით უთხრა, რომ ჩაფხუტების შეძენაში ჩართული კომპანიის სახელის შესახებ არასდროს სმენია.

როგორც გამოცემა წერს, პრიგოჟინმა FT-ს შესთავაზა, რომ თავის ჭუჭყიან ჩანთას გაუგზავნიდა, რომელშიც ორი კვირის განმავლობაში შეგროვებულ თავის საცვლებს, წინდებს, ნახმარ ტუალეტის ქაღალდებს და ყველაფერ იმას ჩადებდა, რისი შესწავლითაც დაინტერესდებოდნენ.

როგორც გამოცემა წერს, 4 პარტიად ნაყიდი ჩაფხუტების დეკლარირებული ღირებულება 2 მილიონ დოლარზე მეტი იყო. ეს კი პრიგოჟინის მიერ ათიათასობით რუსი მსჯავრდადებულის ფრონტის ხაზზე გაგზავნის ფონზე ხდებოდა.  

FT-მ ასევე დაადგინა, რომ კომპანია Broker Expert-ი ვაგნერს აფრიკაში საქონელს კამერუნის პორტის საშუალებით უგზავნიდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ფაქტი ხაზს უსვამს სანქციების არაეფექტურობას, შეზღუდოს კომპანიის შესაძლებლობა მიიღოს დაფინანსება საზღვარგარეთ პრიგოჟინის ოპერაციებისგან.

რუსეთის საბაჟო დეკლარაციების მიხედვით, Broker Expert-მა გასული წლის აგვისტოში ელექტროენერგიის გენერატორები, შემდუღებელი ელექტროდები და ცეცხლგამძლე საიზოლაციო მასალები პრიგოჟინის მიერ კონტროლირებად ხე-ტყის კომპანიას ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში მიაწოდა. 

კომპანიას აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე კი აღნიშნულია, რომ ფირმა გეოლოგიური კვლევებისთვის, სამრეწველო მოპოვებისა და მშენებლობისთვის მოწყობილობებს შესაბამისი მიწოდებითაა დაკავებული.

როგორც Financial Times-ი წერს, Broker Expert-ს პრიგოჟინი პირდაპირ არ აკონტროლებს, მაგრამ ჰყავს საერთო აუდიტორი პრიგოჟონის დედის სამხატვრო გალერეასთან.  

როგორც გამოცემა წერს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, Broker Expert-ი, რომელზეც სანქციები არ დაუწესებია არცერთ დასავლურ მთავრობას, რეგულარულად აგზავნიდა აღჭურვილობას რუსეთიდან სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კომპანიებში. მათზე კი აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული ვაგნერის საბრძოლო საქმიანობაში მონაწილეობის გამო. 

კომენტარები