იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ხაბეიშვილი: გუშინდელ დღეს პროცესებს სრულად მართავდა სუსი, რუსული ოცნება და ჩინჩალაძე!

ლევან ხაბეიშვილი
ტაბულა

"გუშინდელ დღეს, პროცესებს სრულად მართავდა სუსი, რუსული ოცნება და ჩინჩალაძე!" - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. 

ხაბეიშვილის განცხადებით, პოლიტიკოსებისა და ოპოზიციური არხების მთავარი თემა "ჯიბეში ჩადებული" სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს, თუმცა, მისივე სიტყვებით, სანაცვლოდ დრო იხარჯება და ადამიანებში უიმედობის გაღვივებას ცდილობენ. 

"გუშინ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზურაბ ბენაშვილისა და ტრისტან გურასპაშვილის მეუღლეები ჩინჩალაძის თანამშრომლები არიან სააპელაციო სასამართლოში!

ტრისტან ბენაშვილის ცოლია თათია ძმანაშვილი, ჩინჩალაძესთან მუშაობს სააპელაციო სასამართლოში. გურასპაშვილის ცოლია თაკო ბლიაძე და ეს ადამიანიც სააპელაციოში მუშაობს ჩინჩალაძესთან... ტრისტან ბენაშვილიც სააპელაციოში მუშაობდა თავმჯდომარის ბიუროში, ჩინჩალაძის საყრდენი კადრია. არჩევის წინ გადაიყვანეს სემეკში თვალთმაქცურად, რომ ვითომ სხვა სისტემის თანამშრომელი იყო... უახლოეს პერიოდში ჩინჩალაძე ეცდება ცოლებიც მოსამართლეებად გაამწესოს და კიდევ უფრო განამტკიცოს კლანი.

რუსი ოლიგარქი ივანიშვილის, ბანკი "ქართუს" წარმომადგენელი ხელისუფლება, საბანკო ოლიგარქია, მაფიოზური დაჯგუფება და გადანაწილებული ბიზნესები, გავლენები... ჯიბეში ჩადებული სასამართლო ხელისუფლება - ეს უნდა იყოს მთავარი სამიზნე ყველა პატრიოტი ადამიანის, პოლიტიკოსის, ოპოზიციური არხების. რაში ხარჯავთ დროს? რატომ ცდილობთ ადამიანებში უიმედობის გაღვივებას? რა პირადი ინტერესები გაქვთ ასეთი, რომ რუსულ გავლენებზე, ხელისუფლებაზე მეტად სხვა საქმე გაინტერესებთ ?

უმძიმესი რეალობა გვაქვს და უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის!!! აუცილებლად გავიმარჯვებთ პუტინისტურ რეჟიმზე". - წერს ლევან ხაბეიშვილი. 

17 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

მალევე რუსთავი 2-მა იმ სავარაუდო ოპოზიციონერი დეპუტატების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი იყვნენ. ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩხეიძემ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია დატოვესსაგანგებო ბრიფინგზე მაჭუტაძემ თქვა, რომ "ეს იყო მისკომუნიკაციის ბრალი".

ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანმა, ლევან ბეჟაშვილმა 17 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიციის საერთო "ჩათში" საგანგებოდ დაწერეს ოთხი პირის გვარი, რომლებისთვისაც უნდა მიეცათ ხმა და არცერთი სხვა კანდიდატის მიმართ არ უნდა დაფიქსირებულიყო მხარდაჭერა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების წარმოდგენილ ვერსიას ისინი არ ეთანხმებოდნენ და ამის შესახებ მათმა კოლეგებმაც იცოდნენ. 

"7-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს დისკუსია, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარადგინოს და დანიშნოს არამოსამართლე წევრები. 7 თვე ვცდილობდით ამ შეთანხმების მიღწევას და ჩვენმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ არ დავეთანხმეთ ქართული ოცნების წარმოდგენილ ვერსიას, არ იყო შეთანხმება და არ დავუჭერდით არცერთ კანდიდატს მხარს. 

საუბარი იყო მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან შესაბამის 5 კანდიდატზე, რომლებიც არასამთავრობო და აკადემიურ წრეებს წარმოადგენდნენ და კენჭისყრამდე საგანგებოდ ოთხი გვარი ჩათში ჩაიწერა. მხოლოდ ამ ოთხი კანდიდატის მიმართ უნდა დაფიქსირებულიყო მხარდაჭერა".- განაცხადა ბეჟაშვილმა. 

დღეს, 18 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ დარჩენილ ვაკანტურ ადგილზე წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს უყარეს კენჭი. მეორე ტურში წარმოდგენილი ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო საჭირო რაოდენობის ხმების მოპოვება. უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები დამატებითი კონსულტაციებს გაივლიან და ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მესამე ტური 30 მაისს გაიმართება. 

კომენტარები