იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევა

ჩხეიძე ოპოზიციაზე: გარიგება დაგვბრალდა ჩვენ, ენმ–მ კი აღშფოთებული სახე მიიღო

ნატო ჩხეიძე
საქართველოს პარლამენტი

ოპოზიციონერი დეპუტატის ნატო ჩხეიძის თქმით, 17 მაისს ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგის დროს ახსენეს, რომ საერთო "ჩათში" იუსტიციის საბჭოს წევრობის ოთხ კანდიდატზე შეთანხმდნენ, თუმცა, ჩხეიძის მტკიცებით, ენმ-მ მეხუთე გვარი -  ნიშნიანიძე დაივიწყა. ჩხეიძის თქმით, მას კითხვები ექნება ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ზოგიერთ წევრთან. დეპუტატმა მოუწოდა ჟურნალისტებს, შეკითხვა დაუსვან ლევან ბეჟაშვილს - "როცა ჩათში 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 იყო".

"ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგის დროს, არ ვიცი მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ თვალსაჩინოებისთვის, თქვეს ჩათში ჩაწერილი მესიჯის შესახებ, რომ იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია. მათ თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებული იყო ეს ოთხი გვარი, თუმცა, დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში მეხუთე გვარი იყო ნიშნიანიძე.

ეს არ დაივიწყა ქართულმა ოცნებამ, რომელიც საერთოდ დიდად პირობის შემსრულებელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და დაინტერესებული პირები ნახავთ, რომ იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთ - ერთი არის ნიშნიანიძე.

როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი თუ გაგებული, ამიტომ იყო ოპოზიციური ჯგუფებიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ აქ არის გარიგება. ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ - ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, ნაციონალური მოძრაობა გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო" - თქვა ნატო ჩხეიძემ.

 

17 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

მალევე რუსთავი 2-მა, იმ სავარაუდო ოპოზიციონერი დეპუტატების სია გამოაქვეყნა, ვინც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი იყვნენ. ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩხეიძემ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია დატოვესსაგანგებო ბრიფინგზე მაჭუტაძემ თქვა, რომ "ეს იყო მისკომუნიკაციის ბრალი".

ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანმა, ლევან ბეჟაშვილმა 17 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიციის საერთო "ჩათში" საგანგებოდ დაწერეს ოთხი პირის გვარი, რომლებისთვისაც უნდა მიეცათ ხმა და არცერთი სხვა კანდიდატის მიმართ არ უნდა დაფიქსირებულიყო მხარდაჭერა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების წარმოდგენილ ვერსიას ისინი არ ეთანხმებოდნენ და ამის შესახებ მათმა კოლეგებმაც იცოდნენ. 

"7-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს დისკუსია, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარადგინოს და დანიშნოს არამოსამართლე წევრები. 7 თვე ვცდილობდით ამ შეთანხმების მიღწევას და ჩვენმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ არ დავეთანხმეთ ქართული ოცნების წარმოდგენილ ვერსიას, არ იყო შეთანხმება და არ დავუჭერდით არცერთ კანდიდატს მხარს. საუბარი იყო მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან შესაბამის 5 კანდიდატზე, რომლებიც არასამთავრობო და აკადემიურ წრეებს წარმოადგენდნენ და კენჭისყრამდე საგანგებოდ ოთხი გვარი ჩათში ჩაიწერა. მხოლოდ ამ ოთხი კანდიდატის მიმართ უნდა დაფიქსირებულიყო მხარდაჭერა".- განაცხადა ბეჟაშვილმა. 

დღეს, 18 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ დარჩენილ ვაკანტურ ადგილზე წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს უყარეს კენჭი. მეორე ტურში წარმოდგენილი ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო საჭირო რაოდენობის ხმების მოპოვება. უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები დამატებითი კონსულტაციებს გაივლიან და ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მესამე ტური 30 მაისს გაიმართება. 

კომენტარები