ნიკა გვარამია

27 მაისს ორბელიანების სასახლესთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

მთავარი არხი

27 მაისს, 18:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. ამის შესახებ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრებმა განაცხადეს.

"ვაცხადებთ, რომ ამ ქვეყანას არანაირი მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა არ აქვს. ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციები რომც არ მიეღოთ, ჩვენთვის ცხადია, საქართველოში სამართალს ვერავინ იპოვის. სამართალი არ არის არც ნიკა გვარამიასთვის, არც ჩვენთვის და საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის. მაგრამ, სამაგიეროდ, იმის რწმენა გვაქვს, რომ ჩვენს ბრძოლას აზრი აქვს და ჩვენი ბრძოლით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ნიკა გვარამია მალე თავისუფალ საქართველოში თავისუფალი იქნება. დღეს ვაანონსებთ ჩვენს მომავალ, დიდ აქციას, კონსოლიდირებულ პროტესტს ხელისუფლების უკანონო პოლიტპატიმრების არსებობის წინააღმდეგ. აქციას გავმართავთ 27 მაისს, პრეზიდენტის სასახლესთან, 18:00 საათზე [...] საქართველოში პოლიტპატიმრები აღარ უნდა იყვნენ. ეს გასაღები პრეზიდენტს ჯიბეში აქვს და მან უნდა გამოიყენოს". - თქვა ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ უზენაეს სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე. 

დღეს, 16 მაისს ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა.

2022 წლის 16 მაისს, კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

კომენტარები