დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ისლამურ ჯიჰადს შორის შეტაკებები გრძელდება

ABED RAHIM KHATIB

13 მაისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში იერიშები მიიტანეს ისლამური ჯიჰადის რაკეტებისა და ნაღმტყორცნების გამშვებ პუნქტებზე. თავდასხმის სამიზნეს წარმოადგენდა პალესტინური დაჯგუფების სამხედრო ბაზაც. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი ავრცელებს

13 მაისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა 13 სამიზნეზე მიიტანეს იერიში.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ღაზაში ერთი პირი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეტაკებების დროს რაკეტა ჩამოვარდა ისრაელის ქალაქ ნეთივოთშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

10 მაისიდან ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, აქედან საზღვარი დაახლოებით 970-მა გადაკვეთა.

11 მაისის საღამოს ღაზის სექტორიდან რაკეტების სროლას ისრაელის მხრიდან პირველი მსხვერპლი მოჰყვა. რეჰოვოთის დასახლებაში რაკეტა საცხოვრებელ სახლს პირდაპირ მოხვდა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ეს არის იმ მცირე შემთხვევებიდან ერთ-ერთი, როცა ისრაელის რკინის გუმბათის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ, რომელსაც უვნებელყოფის 95%-იანი მაჩვენებელი აქვს, რაკეტა ვერ მოიგერია.

იმავე საღამოს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორში მიტანილ საჰაერო იერიშს პალესტინური ისლამური ჯიჰადის კიდევ ერთი მაღალი რანგის წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმა ბანი სუჰეილას დასახლებაში მდებარე ობიექტზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ისლამური ჯიჰადის სარაკეტო ძალების მეთაურის მოადგილე, აჰმად აბუ დეკა.

კიდევ ერთი რაეკეტა ჩამოვარდა სდოტ-ნეგევის რეგიონალურ საბჭოსთან, რასაც 82 წლის ქალის დაშავება მოჰყვა, ხოლო ეშქოლში დაშავდა უცხოელი მუშა.

ამ მოვლენების პარალელურად, ცნობების მიხედვით, ეგვიპტის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები განახლდა. 

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, შეტაკებებში არ არის ჩართული ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორის მთავარი მაკონტროლებელი დაჯგუფებაა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამშაბათს, 9 მაისის გამთენიისას წამოიწყეს ოპერაცია ფარი და ისარი, რომლის ფარგლებში ღაზის სექტორში იერიშები მიიტანეს ისლამური ჯიჰადის ლიდერებზე. შედეგად, თავდასხმებს ემსხვერპლნენ ხალილ ბაჰთინი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთში ისლამურ ჯიჰადს მეთაურობდა, ასევე ჯიჰად ღანემი, დაჯგუფების სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი და ტარექ იზ ედ-დინი, რომელიც ხელმძღვანელობდა დაჯგუფების აქტიურობას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ამას გარდა, იერიშებს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ბავშვი.

ისლამურ ჯიჰადსა და ისრაელს შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც პალესტინური დაჯგუფების წევრი ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის.

კომენტარები