ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

კახიძე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე: ადამიანის დამნაშავეობა მისსავე თანასწორმა უნდა დაადგინოს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის ყველაზე ქართული ინსტიტუტი. ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელი მამა, ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი იმიტომ არის სანატრელი, რომ მსაჯულობს სინდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა. ჩვენ ჩინოვნიკი, ხელისუფლების მორჩილი მოსამართლეები გვყავს ტრადიციულად, უკვე საუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს, რომელიც მტერმა მოგვახვია თავს. დამოუკიდებელი საქართველოს სამწლიან პერიოდში ჩვენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გვქონდა და პირველი, რაც გააკეთა ბოლშევიკურმა რუსეთმა, იყო სასამართლოს გაუქმება და ტროიკების შემოღება, რომლებითაც ხვრეტდა და ასახლებდა ერის ინტელექტუალურ ელიტას. ამას გარდა, ჩვენი ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ისევე, როგორც სვანეთში- 12 ფიცის კაცი ადგენდა სამართალს. მათ შორის მკვლელობის, დაჭრის და სხვა საქმეებზე, რაც იყო ჩვენი ჩვეულებითი სამართალი და ფიცის კაცები ადგენდნენ მტყუან-მართალს. 

ამიტომ, ეს არ არის რაღაც გარედან იმპორტირებული ინსტიტუტი, ეს არის ჩვენთვის ორგანულად ნაცნობი ინსტიტუტი, როდესაც მოქალაქეები არიან ჩართული მართლმსაჯულების განხორციელებაში. თვითონ არსებული სახით როგორც არის აშშ, დიდ ბრიტანეთში დანერგილი ეს სასამართლო, სათავეს თავისუფლების დიდი ქარტიიდან იღებს, როდესაც მეფეს შეუზღუდეს მართლმსაჯულების განხორციელების უფლება და დადგინდა, რომ ადამიანის დამნაშავეობა თუ უდანაშაულობა, მისსავე თანასწორმა უნდა დაადგინოს. 

მოსამართლე მაინც აღიქმება, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი და, თუ მოსამართლე ადგენს სამართალს და მოქალაქე არ არის ჩართული, ხდება დისტანცირება მოქალაქესა და მართლმსაჯულებას შორის. ამავე დროს უჩნდება ცდუნება მთავრობას, რომ დაიმორჩილოს მოსამართლე და სასურველი გადაწყვეტილებები მიაღებინოს და აქედან ჩნდება უკვე მთელი მანკიერება, როცა მოქალაქეს დაცულობის განცდა აღარ აქვს. მთავრობა ვისაც მოისურვებს იმას გააწესებს ციხეში. 

იმისთვის, რომ მთავრობას ეს ძალიან საშიში ბერკეტი ჩამოვართვათ, აუცილებელია ეს ბერკეტი მოქალაქეებს გადაეცეთ. 

დეკლარირებულად და გამოცხადებულად გვყავს ხელისუფლების მორჩილი სასამართლო კლანი, რომელიც ასრულებს დაკვეთას და არაფერი ამ კლანს არ აქვს საერთო ქართულ საზოგადოებასთან. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე.

კომენტარები