დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი შეტაკებები მოხდა

12 მაისს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 2 სამხედრო, ერთი სომხეთის, მეორე კი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წევრი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 მაისის დილას, "აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სოთკის მიმართულებით და უპილოტო საფრენი მოწყობილობები გამოიყენეს". ამას გარდა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უპილოტო საფრენი აპარატები სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმაც გამოიყენეს.

მოგვიანებით, სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა მძიმე იარაღის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს აზერბაიჯანის საზღვართან, გეღარქუნიქის პროვინციაში, სოფელ კუტთან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საზღვარზე "სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი აზერბაიჯანის პოზიციებს".

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 მაისს, დილის 6:00 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ სოტკის მიმართულებით მდებარე სომხური პოზიციების მიმართ ნაღმმტყორცნებიდან სროლა დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, არამ ტოროსიანის თქმით, შედეგად ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა, ხოლო ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. 

საპირისპირო განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. მათი მტკიცებით, საზღვარზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყო პროვოკაცია. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება წერს, შეტაკებებს ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ლაჩინის დერეფანი დეკემბრის შუა რიცხვებიდან აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ არის ბლოკირებული. ისინი თავს ეკოაქტივისტებს უწოდებენ და ამბობენ, რომ რეგიონში სეპარატისტების მიერ ბუნებრივი წიაღისეულის უკანონო მოპოვებას აპროტესტებენ.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება.

კომენტარები