დიდი ბრიტანეთი-უკრაინა

სუნაკი იმედგაცრუებულია, რომ ევროვიზიის ფინალზე ზელენსკის სიტყვით გამოსვლა არ იქნება

ვოლოდიმირ ზელენსკი და რიში სუნაკი
Andrew Matthews/WPA Pool/Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი იმედგაცრუებულია, რომ ევროვიზიის ფინალზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა არ იქნება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის წარმომადგენლის თქმით, სუნაკი მიიჩნევს, რომ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა მიზანშეწონილი იქნებოდა, რადგან დიდი ბრიტანეთი უკრაინის სახელით მასპინძლობს ამ კონკურსს.

"თავისუფლება და ღირებულებები, რომლისთვისაც პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი იბრძვის, არ არის პოლიტიკური, ისინი ფუნდამენტურია". - თქვა პრემიერმინისტრის სპიკერმა.


ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ცნობით, ზელენსკის სურდა, მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის მიემართა და მათთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისკენ მოეწოდებინა, თუმცა, ევროპის მაუწყებელთა საბჭომ (EBU), რომელიც BBC-სთან ერთად, ამ წლის ევროვიზიის ორგანიზატორია, პრეზიდენტს თხოვნაზე უარი უთხრა.

"ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საერთაშორისო გასართობი შოუა, რომელიც მკაცრი წესებითა და რეგულაციებით იმართება. აღნიშნული წესები არსებობს მისი შექმნის დღიდან. კონკურსის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი აპოლიტიკურობაა - ეს პრინციპი, კონკურსის ფარგლებში, პოლიტიკურ განცხადებებს კრძალავს". - აღნიშნავს EBU-ს პრესსპიკერი.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის პრესსპიკერმა, სერგეი ნიკაფოროვმა Facebook-ზე დაწერა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ოფისმა სიტყვით გამოსვლის თხოვნით მიმართა ევროვიზიის ორგანიზატორებს, არასწორია. 

კომენტარები