რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის ევროვიზიაზე ვიდეო მიმართვაზე უარი უთხრეს

ვოლოდიმირ ზელენსკი
AFP

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროვიზიის კონკურსზე ვიდეო მიმართვაზე უარი უთხრეს. ორგანიზატორების განმარტებით, ზელენსკის გამოსვლა კონკურსს პოლიტიკურს გახდიდა. 

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ცნობით, ზელენსკის სურდა, მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის მიემართა და მათთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისკენ მოეწოდებინა, თუმცა, ევროპის მაუწყებელთა საბჭომ (EBU), რომელიც BBC-სთან ერთად, ამ წლის ევროვიზიის ორგანიზატორია, პრეზიდენტს თხოვნაზე უარი უთხრა.

"ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საერთაშორისო გასართობი შოუა, რომელიც მკაცრი წესებითა და რეგულაციებით იმართება. აღნიშნული წესები არსებობს მისი შექმნის დღიდან. კონკურსის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი აპოლიტიკურობაა - ეს პრინციპი, კონკურსის ფარგლებში, პოლიტიკურ განცხადებებს კრძალავს". - აღნიშნავს EBU-ს პრესსპიკერი.

ევროვიზიის რიგით 67-ე კონკურსში ლივერპულში 13 მაისს დასრულდება. წლევანდელი ევროვიზია უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა ომის გამო მასპინძლობა დიდმა ბრიტანეთმა ითავა.

კომენტარები