ზელენსკის ოფისი უარყოფს ევროვიზიის ორგანიზატორებისთვის სიტყვით გამოსვლის თხოვნით მიმართვას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მიხედვით, არასწორია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ოფისმა სიტყვით გამოსვლის თხოვნით მიმართა ევროვიზიის ორგანიზატორებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის პრესსპიკერი, სერგეი ნიკოფოროვი Facebook-ზე წერს. 

"The Times-ის ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს ევროვიზიის კონკურის ორგანიზატორებისთვის, რათა ეთხოვა ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ ჩართვა კონკურსის ფინალურ, ან ნებისმიერ სხვა ეტაპზე". – წერს ნიკოფოროვი.

ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა, მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის მიემართა და მათთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისკენ მოეწოდებინა, თუმცა, ევროპის მაუწყებელთა საბჭომ (EBU), რომელიც BBC-სთან ერთად, ამ წლის ევროვიზიის ორგანიზატორია, პრეზიდენტს თხოვნაზე უარი უთხრა.

"ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საერთაშორისო გასართობი შოუა, რომელიც მკაცრი წესებითა და რეგულაციებით იმართება. აღნიშნული წესები არსებობს მისი შექმნის დღიდან. კონკურსის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი აპოლიტიკურობაა - ეს პრინციპი, კონკურსის ფარგლებში, პოლიტიკურ განცხადებებს კრძალავს". - აღნიშნავს EBU-ს პრესსპიკერი.

ევროვიზიის რიგით 67-ე კონკურსში ლივერპულში 13 მაისს დასრულდება. წლევანდელი ევროვიზია უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა ომის გამო მასპინძლობა დიდმა ბრიტანეთმა ითავა.

კომენტარები