მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

პაპუაშვილი: დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ.

დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. განცხადებები, დემარშები, რეზოლუციები, რომლებმაც უპრეცედენტო ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს.

ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

ერთადერთი რასაც ქართველი ხალხი დღეს მოელის და იმსახურებს, არის ის, რომ მათ, ვინც ეს ზიანი მიაყენეს საქართველოს, იმავე მონდომებით იზრუნონ მათი სიტყვით და საქმით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე.

ეს იქნებოდა დასტური ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის და პატივისცემისა.

წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც  სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი ეთქვა, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

კომენტარები