მიხეილ სააკაშვილის საქმე

ევროსასამართლომ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში გადაყვანაზე – იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიების სახით პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში, სამართლებრივი დავა საქართველოში როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ სააკაშვილის დაცვის მხარისთვის დასრულდა არასასურველი შედეგით.

შემდგომში მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და საბოლოოდ მოითხოვეს დროებით ღონისძიებად მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა. დღეს გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეზე -  სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად. სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა" - თქვა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ "სახელმწიფოს ყველა მოქმედება მიხეილ სააკაშვილის შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი". 

"დროებითი ღონისძიება იყო მოთხოვნილი, რომ გადაყვანილი ყოფილიყო ვარშავაში, მას ამ მოთხოვნაზე ეთქვა უარი/ რაც შეეხება მოტივაციას, ჩვენი მხრიდან წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებები, რადგან მრავალჯერ ვთქვი და ვიმეორებ - ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდდამხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე და არა აღქმების და შეგრძნებების. დაცვის მხარემაც წარადგინა შესაბამისი მოთხოვნა და ამის შესახებ მე ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას" - თქვა ბრეგაძემ.


11 აპრილს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა. მაშინ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე, ის დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავს შეიკავებდა.

"შემიძლია, გითხრათ, რომ პრეზიდენტის საქმე უკვე სტრასბურგშია. დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ. რა მოთხოვნით და როდის არის შესული, ამაზე საუბარს მოვერიდებით. იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენ თავს შევიკავებთ და არ ვიტყვით, რა ფორმის არის საჩივარი, რა მოთხოვნა არის და არის თუ არა ამ საჩივარში 39-ე მუხლის შესახებ მოთხოვნა. ქართულმა ოცნებამ ეს იცის და საქმის სამართლებრივად წარმართვისთვის ეს სრულად საკმარისია". - ამბობდა ჩალაძე.

კომენტარები