დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ, საზღვარზე ცეცხლი გახსნეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 მაისს, დილის 6:00 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ სოტკის მიმართულებით მდებარე სომხური პოზიციების მიმართ ნაღმმტყორცნებიდან სროლა დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, არამ ტოროსიანის თქმით, შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10:45 საათისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით დასტაბილურდა. სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ადგილობრივი დროით 11:00-13:00-ის შუალედში აზერბაიჯანმა სროლა განაახლა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხური მხარე სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება, დეზინფორმაციაა. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სიტუაციის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში განცხადებას გაავრცელებს.

საპირისპირო განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მათი მტკიცებით, საზღვარზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყო პროვოკაცია. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება წერს, შეტაკებებს ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.

აქამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სომხეთი "მორიგი პროვოკაციისთვის" ნიადაგს ამზადებდა. მათივე ინფორმაციით, შეტაკებები სასაზღვრო ზონაში 10 მაისს განახლდა.

ორი ქვეყნის საზღვარზე ბოლო შეტაკებები აპრილის შუა რიცხვებში მოხდა.

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ლაჩინის დერეფანი დეკემბრის შუა რიცხვებიდან აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ არის ბლოკირებული. ისინი თავს ეკოაქტივისტებს უწოდებენ და ამბობენ, რომ რეგიონში სეპარატისტების მიერ ბუნებრივი წიაღისეულის უკანონო მოპოვებას აპროტესტებენ.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება.

კომენტარები