გენეტიკური კოდი

გაერთიანებულ სამეფოში სამი ადამიანის დნმ-ის მატარებელი ბავშვი დაიბადა

GETTY IMAGES

ნაყოფიერების მარეგულირებელმა გაერთიანებულ სამეფოში სამი ადამიანის გენის მატარებელი პირველი ბავშვის დაბადება დაადასტურა. ბავშვს დნმ-ის უმეტესობა ორი მშობლისგან აქვს, ხოლო დაახლოებით 0.1% დონორი ქალისგან.

არსებული ტექნიკა ბავშვებში მომაკვდინებელი მიტოქონდრიული დაავადებების პრევენციის მცდელობისთვის შეიქმნა. მისი გამოყენებით მსოფლიოში ამ დრომდე ხუთამდე ბავშვი დაიბადა, თუმცა ნაყოფიერების მარეგულირებელი მშობლების ამოცნობის პრევენციისთვის ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.

მიტოქონდრიული დაავადებები განუკურნებელია და დღეებში, ზოგჯერ კი საათებში, ახალშობილის სიკვდილს იწვევს. ამის გამო ზოგიერთი ოჯახი რამდენიმე შვილს კარგავს, ახალი ტექნიკა კი მათთვის ჯანმრთელი ბავშვის ყოლის ერთადერთი საშუალებაა.

მიტოქონდრიები უჯრედში არსებული ორგანოიდებია, რომლებიც საკვებს ენერგიად გარდაქმნიან. დეფექტური მიტოქონდრიები ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ, რაც ტვინის დაზიანებას, კუნთების დაქვეითებას, გულის უკმარისობას და სიბრმავეს იწვევს.

უჯრედის ეს ორგანოიდები ნაყოფს მხოლოდ დედისგან გადაეცემა, ამიტომ მის უფუნქციობასთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციისთვის დონორი ქალის კვერცხუჯრედიდან ჯანმრთელ მიტოქონდრიებს იყენებენ.

თავის მხრივ, მიტოქონდრიები დნმ-ის მატარებელი ორგანოიდებია, შესაბამისად ნაყოფს ტექნიკურად მშობლების გარდა მესამე პირის გენეტიკური ინფორმაციაც აქვს. მიუხედავად ამისა, დონორის დნმ ბავშვის გარეგნობასა თუ სხვა მახასიათებლებზე ზეგავლენას არ ახდენს, შესაბამისად, ის მესამე მშობლად არ განიხილება.

ამ ტექნიკის გამოყენებით პირველი ბავშვი 2016 წელს შეერთებულ შტატებში დაიბადა.

კომენტარები