გენეტიკური კოდი

მსოფლიოში დაიბადა პირველი ბავშვი, რომელიც 3 ადამიანის გენს ატარებს

NEW HOPE FERTILITY CENTRE

New Scientist-ის განცხადებით, პირველად მსოფლიოში სამი ადამიანის გენეტიკური მასალის განაყოფიერების შედეგად დაიბადა ბავშვი - აბრაჰიმ ჰასანი. ჰასანი დედის და მამის დნმ-ს გარდა, დონორის გენეტიკური კოდის მატარებელიცაა.

სამი ადამიანის მონაწილეობით განაყოფიერების მთავარი მიზანი ახალშობილის მშობლების გენთან დაკავშირებული დაავადებებისგან გათავისუფლებაა.

უკვე 5 თვის აბრაჰიმის მშობლები იორდანიიდან არიან. მისი დედა თავად ჯანმრთელია, თუმცა გენეტიკურად ლეის სინდრომის მატარებელია. ლეის სინდრომი, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის განუვითარებლობას ნიშნავს, სასიკვდილოა. დედის გენს მისი ბუნებრივი გზით გაჩენილი ორი შვილის სიცოცხლე შეეწირა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ახალი, 3 ადამიანის მონაწილეობით განაყოფიერების ტექნიკის გამოყენება.

წყვილმა პროცედურები მექსიკაში, ამერიკელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტარა.

სამი ადამიანის მონაწილეობით განაყოფიერების ტექნიკის მიმართ მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ტექნიკისადმი უარყოფითად განწყობილი ადამიანები თვლიან, რომ შესაძლოა, თავად ბავშვს, როდესაც ის გაიზრდება, სულაც არ მოეწონოს ის ფაქტი, რომ სამი ადამიანის გენს ატარებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნულ ტექნიკას მხარი დაუჭირა და ნებადართული გახადა, დიდი ბრიტანეთია. მათ ეს გადაწყვეტილება 2015 წლის თებერვალში მიიღეს.

კომენტარები