ქართული ოცნება

ბობოხიძე პაპუაშვილზე: ნიშანდობლივია, რომ აწუხებს NGO-ები და არა პუტინისტების დაფინანსება

ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პასუხობს. ბობოხიძის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ პაპუაშვილს არა პროპუტინისტური ორგანიზაციების დაფინანსება, არამედ დასავლური ორიენტაციის მქონე არასამთავრობოები აწუხებს.   

მისივე თქმით, პაპუაშვილი ცრუობს და ევროპულ საქართველოს, "სამწუხაროდ", არანაირი დასავლური დაფინანსება არ აქვს.

"ნიშანდობლივია, რომ პაპუაშვილს აწუხებს დასავლური ორიენტაციის მქონე და დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც თითოეული თეთრიც გამჭვირვალე და ოფიციალურია, განსხვავებით პროპუტინისტური, პრორუსული ორგანიზაციებისგან, რომელთა დაფინანსების წყაროებიც უბრალოდ უცნობია. 

ასევე, პაპუაშვილს მინდა შევახსენო, რომ ქართული ოცნება არის ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია, რომელსაც გაზპრომის მსხვილი აქციონერი, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს". - ამბობს აკაკი ბობოხიძე.  

დღეს, 10 მაისს შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ოპოზიციური პარტიების "უკანონო დაფინანსებით" უნდა დაინტერესდეს. 

"გირჩის შემთხვევაში, დროას შემთხვევაში, სხვა პარტიების შემთხვევაში, ევროპულ საქართველოსაც აქვს ჩამოყალიბებული ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არის არა უბრალოდ აფილირებული ამ პარტიებთან, პირდაპირ მათივე დაფუძნებულია, ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება გრანტად გაფორმება პოლიტიკური ფულისა, რომელიც არის უკანონო დაფინანსება პარტიების. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და, ზოგადად, ამ ორგანიზაციებმა გაასაჯაროვონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის, დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს". - თქვა მან. 

კომენტარები