ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 18 მაისს ჩაინიშნა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 18 მაისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. საქმეს მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს.

გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა დღეს, 8 მაისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, სხდომა გადაიდო. როგორც ლაზარეს ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ აღნიშნა, ამის მიზეზი საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა იყო. 

პირველ მაისს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.

პირველი მაისის წინასასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვება მოითხოვა, დაცვის მხარემ კი - 20 000-ლარიანი გირაო.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

კომენტარები