ლაზარე გრიგორიადისი

გრიგორიადისის ადვოკატი: საქმის განხილვა გადაიდო, რადგან სააპელაციოშია გადაგზავნილი

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. როგორც ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ აღნიშნა, ამის მიზეზი საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნაა. 

"გადაიდება და აღარ ჩატარდება, იმიტომ, რომ, როგორც გავარკვიეთ, საქმე არის გადაგზავნილი სააპელაციო სასამართლოში. საქმე ფიზიკურად არ არის საქალაქო სასამართლოში, აქედან გამომდინარე, სანამ სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვერ დაინიშნება პროცესი. ჩემმა კოლეგამ გაასაჩივრა და ელოდება გადაწყვეტილებას. ჰაბიტოპიური დასკვნის თანახმად დაუშვებლად ცნეს ეს დანიშვნა თვითონ, არსებითი განხილვები გაქვთ დანიშნულიო. შესაბამისად, ჩემმა კოლეგამ გაასაჩივრა და ელოდება გადაწყვეტილებას".- აღნიშნა ბითაძემ. 

გრიგორიადისის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

შენობის წინ  ლაზარეს მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები. სხდომის დაწყებას ელოდებოდნენ გრიგორიადისის მამა და ბაბუაც. 

პირველ მაისს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.

პირველი მაისის წინასასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვება მოითხოვა, დაცვის მხარემ კი - 20 000-ლარიანი გირაო.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

 

კომენტარები