დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

POLITICO: ევროკავშირი ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი (მარცხნივ), ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი (ცენტრში) და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. ბრიუსელი, 2022 წლის 22 მაისი
Stephanie Lecocq/EPA-EFE

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები 13-14 მაისს ბრიუსელში მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ, შესაძლოა, მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

აქამდე Financial Times -ი დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლებდა.

ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა POLITICO-ს დაუდასტურა, რომ მოლაპარაკებები 13-14 მაისსაა დაგეგმილი, მაგრამ შეხვედრის დღის წესრიგი ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი. როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

"ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის მცდელობების გაგრძელებას, ბრიუსელის ფორმატში სამმხრივი შეხვედრების განახლებას და გასულ კვირას ვაშინგტონში გამართული მნიშვნელოვანი და პოზიტიური სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას". - თქვა ევროკომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა POLITICO-სთან ანონიმურობის პირობით. 

1-ელ მაისს აშშ-ში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შუამავლობით გაიმართა. აშშ ელის, რომ სომხეთისა და სეპარატისტული ე.წ. არცახის რესპუბლიკის მაკავშირებელი ლაჩინის დერეფანი "საქონლის კომერციული გადაადგილებისთვის" მალე გაიხსნება. 

23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

ლაჩინის დერეფანი დეკემბრის შუა რიცხვებიდან აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ არის ბლოკირებული. ისინი თავს ეკოაქტივისტებს უწოდებენ და ამბობენ, რომ რეგიონში სეპარატისტების მიერ ბუნებრივი წიაღისეულის უკანონო მოპოვებას აპროტესტებენ.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება.

კომენტარები