რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი რუსეთისთვის სასოფლო-სამეურნო საქონელზე სანქციების დაწესებას ითხოვს

პოლონეთი ევროკავშირს ბლოკში შემავალ რუსულ სასოფლო-სამეურნეო საქონელზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ანდჟეი სადოსმა ბრიუსელში ისაუბრა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

"ჩვენ გვჯერა, რომ სანქციები რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს." - თქვა ანდჟეი სადოსმა.

აქამდე, ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტი წარადგინა, თუმცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას შიმშილის საშიშროების გამო [განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში] არ შეხებია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 რაუნდის განხილვას გეგმავენ.

სადოსის მოწოდება სურსათის პროდუქტებზე უპრეცედენტო სანქციების შესახებ მას შემდეგ გაცხადდა, რაც ვარშავამ კიევთან შეთანხმება დაარღვია და პოლონეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის შეზღუდვა მოითხოვა.

თუმცა, ამის შემდეგ, ევროკომისიამ უკრაინასა და მის მეზობელ ევროკავშირის 5 ქვეყანას: პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და ბულგარეთს შორის მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების მიხედვით მოცემული ქვეყნები უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტზე დაწესებულ ცალმხრივ შეზღუდვებს გააუქმებენ.

სადოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მთავრობები, როგორც წესი, თავს იკავებენ საკვები პროდუქტების გაყიდვის შეზღუდვისაგან, განსაკუთრებით შიმშილის გლობალური საშიშროების ფონზე, ევროპა ამ პრობლემის წინაშე არ დგას.

"სულ პირიქით, ჩვენ გვაქვს სიჭარბის პრობლემა" - თქვა სადოსმა უკრაინული პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით.

3 მაისს, გაეროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2022 წელს 250 მილიონზე მეტი ადამიანი მძიმე შიმშილის წინაშე აღმოჩნდა. ამასთან, მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში ხალხი საყოველთაო შიმშილის ზღვარზე იყო.

კვლევის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომი და საკვების მაღალი ფასები შიმშლის მთავარი გამომწვევი ფაქტორები იყო. შიმშილი განსაკუთრებით შეეხო მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს, რომლებიც ჯერ კიდევ COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების აღდგენას ცდილობდნენ. 

კომენტარები