ნიკა გვარამია

ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

europarl.europa.eu

პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, 19 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საერთო წერილით მიმართავს და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. 

წერილში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 რეკომენდაციიდან ორი ეხება ქვეყანაში თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს შექმნას. შესაბამისად, მედიის მფლობელების წინააღმდეგ გამოძიება უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებით უნდა მიმდინარეობდეს და მათ საქმეებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო უნდა განიხილავდეს. 

ევროპარლამენტარები გმობენ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს და  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებენ. 

წერილს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საკუთარ Twitter-ზე ავრცელებს. 

"დღეს არის პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე. ამიტომ მე და ჩემმა კოლეგებმა ევროპარლამენტში გადავწყვიტეთ, მოვუწოდოთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალება. ჩვენ სამუდამოდ ვრჩებით საქართველოს მეგობრებად და ვიმედოვნებთ, გადავცეთ ეს სიმბოლური გზავნილი ამ მნიშვნელოვან დღეს". – წერს გრეგოროვა. 

კომენტარები