რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შემდეგ, მოსკოვში დრონების ფრენა იკრძალება

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ავრცელებს ცნობას, რომ მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების ფრენა აიკრძალება. აქამდე კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის კრემლში მდებარე რეზიდენციაზე დრონებით იერიში მიიტანეს. რუსეთი შემთხვევას უკრაინას აბრალებს. 

"მიღებულია გადაწყვეტილება დღევანდელი დღიდან ქალაქ მოსკოვში აიკრძალოს უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება, იმ უპილოტო საფრენი აპარატების გარდა, რომლებიც გამოყენებულია ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებით". – ამბობს სობიანინი. 

სობიანინის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რათა აღკვეთონ დრონების არასანქცირებული გაშვებები, რომლებმაც "შესაძლოა გაართულოს სამართალდამცველი ორგანოების მუშაობა". მან განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ დრონების არასანქცირებული აფრენა "კანონდარღვევაა".

დღეს, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ღამით უკრაინამ კრემლში პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა. განცხადების მიხედვით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი რადიოლოკაციური თავდაცვის საშუალებებით მწყობრიდან გამოიყვანეს და ჩამოაგდეს. კრემლის მტკიცებით, შედეგად არავინ დაშავებულა. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს კრემლის ტერიტორიიდან მომავალი კვამლი.

კრემლის შეფასებით, ეს იყო ტერორისტული აქტი და პუტინის მკვლელობის მცდელობა, 9 მაისის ღონისძიებებამდე. განცხადების მიხედვით, "რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, სადაც და როცა საჭიროდ ჩაითვლება".

კომენტარები