1-ელ მაისს აშშ-ში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შუამავლობით გაიმართა. აშშ ელის, რომ სომხეთისა და სეპარატისტული ე.წ. არცახის რესპუბლიკის მაკავშირებელი ლაჩინის დერეფანი "საქონლის კომერციული გადაადგილებისთვის" მალე გაიხსნება.
"სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ლაჩინის დერეფნის გავლით კომერციული და ჰუმანიტარული ტვირთის, ასევე ხალხის გადაადგილების უზრუნველყოფაზე ბოლო თვეებში ძალიან ცხადი იყო ჩვენი პოზიცია. განვაგრძობთ ამ მოლაპარაკებებში ჩართულობას. საქონლის კომერციული მოძრაობის დაწყებას ახლო მომავალში ველით". – თქვა მედიასთან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ვირჯინიაში, არლინგტონში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ცალ-ცალკე შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს. შემდეგ ის ორივე მათგანს ერთდროულად შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მახლობლად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მოლაპარაკებები ხუთშაბათამდე გაგრძელდება.
23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.
ლაჩინის დერეფანი დეკემბრის შუა რიცხვებიდან აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ არის ბლოკირებული. ისინი თავს ეკოაქტივისტებს უწოდებენ და ამბობენ, რომ რეგიონში სეპარატისტების მიერ ბუნებრივი წიაღისეულის უკანონო მოპოვებას აპროტესტებენ.
ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება.