შეტაკებები სუდანში

სუდანის ლაბორატორიიდან ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების გავრცელების რისკი არსებობს – WHO

სუდანი, ხართუმი 15.04.2023
REUTERS/Mohamed Nureldin Abdallah

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, სუდანში ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების გავრცელების მაღალი რისკი არსებობს. მიზეზი საომარ მოქმედებებში ჩართული ერთ-ერთი მხარის მიერ ლაბორატორიის დაკავებაა. 

"მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ის, რომ ლაბორატორიაში შესვლა ვერ ხერხდება, რათა უსაფრთხოდ მოხერხდეს იქ არსებული ბიოლოგიური ნივთიერებების შენახვა". - ამბობს WHO-ს წარმომადგენელი სუდანში. ინტერვიუში მან არ დააკონკრეტა, თუ რომელ მხარეს აქვს ლაბორატორია დაკავებული. 

მას შემდეგ, რაც სუდანის დედაქალაქ ხართუმში 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო, მოვლენებს, სულ მცირე, 459 პირი ემსხვერპლა.

სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

BBC წერს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შემდეგ სუდანის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები შენიშნეს. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ისინი სუდანის საჰაერო ძალებს ეკუთვნიან და ამასთან, სწრაფი რეაგირების ძალებთან (RSF) დაკავშირებულ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. 

RSF-ის მტკიცებით, მათ კონტროლი პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე დაამყარეს, რასაც სუდანის არმია უარყოფს. მანამდე RSF-მ აღნიშნა, რომ არმია ხართუმის სამხრეთით მდებარე მის ერთ-ერთ ბანაკს თავს დაესხა, ხოლო არმიის თქმით, RSF-ის მებრძოლები მათი სამხედრო შტაბის დაკავებას ცდილობდნენ. 

ხუთშაბათს, 13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს. 

კომენტარები