რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პეტრეუსი: მაისის ბოლოს დაიწყება უკრაინის კონტრშეტევა

Alex Wong/Getty

CIA-ის ყოფილი დირექტორის, გენერალ დევიდ პეტრეუსის თქმით, აშშ-ის მიერ გაწვრთნილი უკრაინელების კონტრშეტევა მაისში იგეგმება.

"ის, რასაც რეალურად ყურადღება უნდა მივაქციოთ, არა ფრონტის სიახლეები, არამედ გერმანიაში, ჰოჰენფელსში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, თავად უკრაინაში აშშ-ს მართულ საწვრთნელ ცენტრებში მიმდინარე მოვლენებია, სადაც  ახალი ბრიგადები იქმნება, ძირითადად, უკრაინელი წვევამდელებით, მაგრამ ასევე რამდენიმე გამოცდილი ოფიცერით.

[უკრაინული არმია] დროთა განმავლობაში აღიჭურვება დასავლური ტანკებით, დასავლური ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, დასავლური ჯავშანტექნიკით, და 2023 წლის მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში, იქნება უკრაინელების მასშტაბური კონტრშეტევა. დიდი ალბათობით სამხრეთში. ეს, ალბათ, დაახლოებით მელიტოპოლის ზონა უნდა იყოს და ისინი [უკრაინელები] შეეცდებიან კომუნიკაციების სახმელეთო ხაზის გაწყვეტას, რომელიც რუსეთს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ყირიმთან აკავშირებს.

მე მჯერა, რომ ისინი, პირველად ამ ომში, კომბინირებული იარაღის ეფექტს მიაღწევენ. რუსებს ეს საერთოდ არ გამოუვიდათ, ამ მხრივ ისინი პირველივე დღიდან მარცდებოდნენ. რუსები ტანკებს ქვეითების გარეშე ბრძოლის ველზე გზავნიდნენ. უკრაინელებს ტანკები ქვეითებთან ერთად ქვეითთა საბრძოლო მანქანებში ეყოლებათ, რომლებიც ტანკებს მტრის ქვეითებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან დაიცავენ. მათ ექნებათ საჰაერო თავდაცვაც, რუსეთის საჰაერო თავდასხმებთან გასამკლავებლად.

მათ ექნებათ ციფრული ომი რუსული ქსელების დასაბლოკად. ექნებათ არტილერია და ნაღმმტყორცნები მტრის ძალების დასათრგუნად. მათ ექნებათ კარგი ლოჯისტიკა, რომელიც უკრაინელებს მოამარაგებს დამატებითი იარაღით, საბრძოლო მასალით, საწვავით, წყლით, საკვებით, სამედიცინო დახმარებით და ეყოლებათ სარეზერვო ძალები, რომელიც არ ჰყავდათ გასულ წელს შემოდგომაზე ხარკოვის ოლქში. ხარკოვში შეტევა ძალიან შთამბეჭდავი იყო, თუმცა კულმინაციას მალევე მიაღწია, რადგან ადამიანები, შეუსვენებლად, ბრძოლისუნარიანობას დაახლოებით 72 საათის განმავლობაში ინარჩუნებენ, სანამ ფიზიკურად მოქმედების უნარი აღარ აქვთ.

სხვათა შორის, ჩვენ მივედით აქამდე. ჩვენ ეს რამდენჯერმე დავამტკიცეთ ბაღდადთან ბრძოლის დროს. მე მჯერა, რომ ეს არის ის, რაც მოხდება. კითხვა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავსვათ, არის შემდეგი - დარწმუნდება თუ არა პუტინი დროთა განმავლობაში, რომ ის ვერ შეძლებს უკრაინელების, ევროპელების, ამერიკელების დატანჯვას, რისიც მას ისევ სჯერა? ის ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, ისევე როგორც ნაპოლეონის ჯართან და ნაცისტებთან ბრძოლის დროს რუსები ფიქრობდენ, რომ გაიმარჯვებდნენ, რადგან მეტი სიმტკიცე აქვთ." - ამბობს დევიდ პეტრეუსი.

კომენტარები