ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ჩერგოლეიშვილი: ლაზარე არა სანქცირებულმა მოსამართლეებმა, არამედ მოქალაქეებმა უნდა განსაჯონ

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის თემა ტაბულას, თავისუფლების ინსტიტუტის, ევროპული საქართველოს დნმ თემაა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზოგადად მოქალაქეების ჩართულობა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში უნდა გაფართოვდეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც უსამართლობას მაქსიმალურად გამორიცხავს. როგორი კანონიერიც არ უნდა იყოს ამა თუ იმ მოსამართლის გადაწყვეტილება, სამართლიანი ვერ იქნება, თუ მოქალაქეები ვერ აღიქვამენ მას სამართლიანად.

საზოგადოების სიჯანსაღისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართალს იპოვიან იმ შემთხვევაში, თუ მათ უსამართლოდ დაჩაგრავენ. ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ საქართველოს მართლმსაჯულება სანქცირებულია დემოკრატიის ლიდერი სახელმწიფოს მიერ, რაც ნიშნავს, რომ ის არის დისკრედიტირებული.

არ არის საქმე ლაზარეში, არ არის საქმე პოლიტიკურ დევნილებში, არ არის საქმე მესამე პრეზიდენტში - პრობლემა არის სისტემაში. ხელისუფლებამ დაიწყო დემონიზირების კამპანია ამ ადამიანის წინააღმდეგ და ისიც გასაგებია, რომ არსებობენ მოქალაქეები, რომლებსაც მოლოტოვის კოქტეილის შესახებ კითხვები აქვთ და ბუნებრივია, არავის აქვს ასე ძალადობის უფლება - მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი კონტექსტი და გარემოებები. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია ამ საკითხზე. მე მგონი, ყველაზე კომპრომისული გამოსავალი არის, განსაჯონ არა სანქცირებულმა მოსამართლეებმა, არა მიკერძოებულმა სასამართლომ, არამედ საქართველოს მოქალაქეებმა გამოიტანონ ვერდიქტი.

ამბობს ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. დღეს, თავისუფლების ინსტიტუტმა, ლაზარე გრიგორიადისის მამამ და 8 მარტის აქციის კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე აკოფაშვილმა პარლამენტის წინ ერთობლივი პეტიცია წარადგინეს. ისინი უერთდებიან ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის მოთხოვნას, მისი შვილიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამავდროულად, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ნონიაშვილის შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შესაძლებლობას გააჩენს, "თავიდან ავიცილოთ 21 წლის ახალგაზრდების სამაგალითოდ დასჯა პოლიტიკური მოტივებით". ინიციატივას ასევე შეუერთდა დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ ის მხარს უჭერს გირჩის ფრაქციის მიერ პარლამენტში შეტანილ ინიციატივას.  

მოაწერე ხელი პეტიციას - https://forms.gle/WdYpDbazgYYRyj4w5 
 

კომენტარები