ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ნონიაშვილი: გრიგორიადისის და აკოფაშვილის საქმე უნდა განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის შეფასებით,  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შესაძლებლობას გააჩენს, "თავიდან ავიცილოთ 21 წლის ახალგაზრდების სამაგალითოდ დასჯა პოლიტიკური მოტივებით". ნონიაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის პოლიტიკურად მოტვირებული და "ამას ადასტურებს ხელისუფლების ბინძური, შავრაზმული დემონიზების კამპანია". მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისის და მასთან ერთად ბრალდებული თორნიკე აკოფაშვილის საქმე უნდა განიხილოს არა სანქცირებულმა სასამართლომ, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ.

"ხელისუფლება უარყოფს რომ თორნიკე აკოფაშვილის და ლაზარე გრიგორიადისის საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია. თუ ხელისუფლება ამას უარყოფს, მითუმეტეს, არაფერი უშლის ხელს იმას, რომ კორუმპირებული მოსამართლეები საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ.

ლაზარეს და თორნიკეს საქმე უნდა განიხილოს არა სანქცირებულმა სასამართლომ, კლანის შერჩეულმა და მართულმა წევრებმა, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ეს შესაძლებლობას გააჩენს, თავიდან ავიცილოთ 21 წლის ახალგაზრდა საქართველოს მოქალაქეების სამაგალითოდ დასჯა პოლიტიკური მოტივებით.

ეს თავისი არსით ნიშნავს, რომ რაშიც არიან ბრალდებულები აკოფაშვილი და გრიგორიადისი (353-ე პრიმა მუხლი - პოლიციელზე თავდასხმა და 187-ე მუხლი - ნივთის დაზიანება), ამ მუხლებზე უნდა გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. მანამდე ლაზარე უნდა გათავისუფლდეს გირაოთი საპატიმრო დაწესებულებიდან.

იმ პირობებში, როდესაც ჩვენი მართლმსაჯულება ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორი და სუვერენიტეტის მხარდამჭერს, ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირებული ჰყავს კლანის მოსამართლეები, სასამართლოს წევრები, ამ პირობებში არსებითად მნიშვნელოვანია, როდესაც ამ ხელისუფლებას დავამარცხებთ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არა ერთ ან ორ მუხლზე გაფართოვდეს, არამედ მთელ სისხლის სამართლის კოდექსზე გავრცელდეს, რაც სამომავლო პერსპექტივაში, ამ ხელისუფლების დამარცხების შემდეგ ადამიანების მდგომარეობას გააუმჯობესებს და ისეთი საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდებიან ადამიანები, როგორშიც დღეს არის ეს ორი ახალგაზრდა - ლაზარე და თორნიკე" - თქვა ნონიაშვილმა.


თავისუფლების ინსტიტუტმა, ლაზარე გრიგორიადისის მამამ და 8 მარტის აქციის კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე აკოფაშვილმა პარლამენტის წინ ერთობლივი პეტიცია წარადგინეს. ისინი უერთდებიან ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის მოთხოვნას, მისი შვილიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის შეფასებით, ყველა ოდნავ სინდისიერი ადამიანის პოზიცია და კონსენსუსი უნდა იყოს იმაზე, რომ ლაზარე გრიგორიადისს და თორნიკე აკოფაშვილს ჰქონდეთ სამართლიანი სასამართლოს შანსი.

"ეს შანსი კი ვერ ექნებათ კორუმპირებული სასამართლო კლანის პირობებში, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვენდობით მოსამართლეებს, რომელთა ნაწილი უკვე აშშ-მ დაასანქცირა, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩატარდეს სასამართლო, მაგრამ ეს სასამართლო ჩატარდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ შედგენილი ნაფიც მსაჯულთა კოლეგიით. ანუ ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტონ და არა კორუმპირებულმა მოსამართლეებმა" - ამბობს ხვადაგიანი.

პეტიცია ითხოვს:

  1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარესა და თორნიკეს დავა მიმდინარეობს და მათი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა; 
  2. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გათავისუფლდეს გირაოთი. 

"იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ხელით საქართველოს 21 წლის მოქალაქეების უსამართლო დასჯა თავიდან ავიცილოთ, ლაზარესა და თორნიკეს საქმე უნდა განიხილონ არა სანქცირებული სასამართლო კლანის მიერ შერჩეულმა, დანიშნულმა და მართულმა მოსამართლეებმა, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ამისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება უნდა გაფართოვდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის, მათ შორის, არსებითი განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეზე" - ნათქვამია თავისუფლების ინსტიტუტის მომზადებულ პეტიციაში.

მოაწერე ხელი პეტიციას - https://forms.gle/WdYpDbazgYYRyj4w5


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების 

კომენტარები