თბილისის მერია

"წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება" – ბენდელიანი

თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება. ბენდელიანი ამბობს, რომ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

"რაც შეეხება ე.წ. დიდუბის ხიდისა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს. ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში, ვინაიდან, ვიცით, რომ სარეაბილიტაციო არეალი საკმაოდ მასშტაბურია და წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური გამზირია ქალაქისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონკრეტულად იმ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაობი. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ, ღამის განმავლობაშიც ვაწარმოოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს იქნება სრული რეაბილიტაცია როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების. მოეწყობა გამწვანებული თარგები, გარე განათების ქსელი და მიწიქვეშა ურნები". - თქვა ბენდელიანმა.

ბენდელიანის თქმით, თბილისის მერიას დაგეგმილი აქვს, რომ ე.წ. დიდუბის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაასრულოს. კალაძის მოადგილე ამბობს, რომ  ღირებულება წერეთლის გამზირის ნაწილში არის 28 მილიონ 400 000 ლარი, ხოლო ხიდის ნაწილში კი არის დაახლოებით, 4 მილიონ 200 000 ლარი.


დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.

კერძოდ, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდა აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით.

რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა დარჩება ორმხრივი, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი.

ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება საგურამოს, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, არჩილ კერესელიძის,  სულიკო   კოროშინაძისა და წყალტუბოს ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით და პირიქით.

საგურამოს, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, დავით ყიფიანის ქუჩიდან, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.

არჩილ კერესელიძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რაჟდენ გვენეტაძის ქუჩით, ან, რაფაელ აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების გამოყენებით, აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.

სულიკო კოროშინაძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილდებიან გოგოლაურის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.

წყალტუბოს ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ აგლაძის ქუჩის გავლით, როგორც მირცხულავას, ასევე, სამტრედიის ქუჩების გამოყენებით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გადაადგილება შეიზღუდება, როგორც  გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტომობილებისთვის, ასევე, მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირისკენ, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ამსვლელი ნაკადისთვის.

აღნიშნული შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები  გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით, მარცხენა სანაპიროდან სამტრედიის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით. ხოლო, გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს აკაკი წერეთლის გამზირისა და სამტრედიის ქუჩების გამოყენებით.

გიორგი ცაბაძის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება დარჩება უცვლელი.

მერიის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებიდან  აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება.

კომენტარები