უკრაინა

NASA უარყოფს, რომ კიევის ცაში შემჩნეული ნათება მათი თანამგზავრის ჩამოვარდნამ გამოიწვია

კადრი კიევის ცაში შენიშნული ნათების ვიდეოდან

NASA უარყოფს, რომ კიევის ცაში გასულ ღამეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00-ზე შემჩნეული კაშკაშა ნათება მათი კოსმოსური თანამგზავრის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

NASA-ს კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენელმა, რობ მარგეტამ BBC-სთან თქვა, რომ ნათების დროს თანამგზავრი კვლავ ორბიტაზე რჩებოდა და დედამიწის ატმოსფეროში უფრო გვიან უნდა შემოსულიყო. მისი თქმით, NASA-მ და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა თანამგზავრი RHESSI-ის კურსზე დაკვირვება გააგრძელეს.

აქამდე კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელი ნათება NASA-ს თანამგზავრის დედამიწაზე ჩამოვარდნამ გამოიწვია. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საჰაერო განგაში თანამგზავრის ნარჩენების ჩამოვარდნის შედეგად ხალხის დაშავების თავიდან აცილების მიზნით ჩართეს. 

შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ Facebook-ზე გაავრცელა ცნობა, რომ ნათება ან თანამგზავრის ან მეტეორის ჩამოვარდნას უკავშირდებოდა.

აქამდე, 18 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ NASA-ს "მკვდარი" თანამგზავრი 19-20 აპრილს დედამიწაზე ჩამოვარდებოდა.

არსებული მოლოდინით, თანამგზავრი RHESSI, რომელიც მზეს 2002 წლიდან,, ექსპლუატაციის დასრულებამდე, 2018 წლამდე სწავლობდა, დედამიწის ატმოსფეროში 19-20 აპრილს შემოვიდოდა. მისი წონა 270 კილოგრამია. აღნიშნულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ამ მასის დიდი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვებოდა.

კომენტარები