რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის სამხედრო ადმინისტრაცია: ნათება კიევში NASA-ს თანამგზავრის ჩამოვარდნის შედეგია

კადრი კიევში მომხდარი აფეთქების ვიდეოდან

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კიევის თავზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00-ზე შენიშნული კაშკაშა ნათება, წინასწარი ინფორმაციით, NASA-ს თანამგზავრის ჩამოვარდნის შედეგია.

"19 აპრილს, დაახლოებით 22:00-ისთვის კიევის მახლობლად ცაში შეინიშნა საჰაერო ობიექტის კაშკაშა ნათება. წინასწარი ინფორმაციით, ეს მოვლენა დედამიწაზე NASA-ს კოსმოსური თანამგზავრის ჩამოვარდნის შედეგია". – აცხადებს კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო განგაში თანამგზავრის ნარჩენების ჩამოვარდნის შედეგად ხალხის დაშავების თავიდან აცილების მიზნით ჩართეს. 

19 აპრილის საღამოს უკრაინის აღმოსავლეთში და კიევის ოლქში საჰაერო განგაში გამოაცხადეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებმა შენიშნეს კაშკაშა ნათება. 

აქამდე, 18 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ NASA-ს "მკვდარი" თანამგზავრი 19-20 აპრილს დედამიწაზე ჩამოვარდებოდა.

არსებული მოლოდინით, თანამგზავრი RHESSI, რომელიც მზეს 2002 წლიდან,, ექსპლუატაციის დასრულებამდე, 2018 წლამდე სწავლობდა, დედამიწის ატმოსფეროში 19-20 აპრილს შემოვიდოდა. მისი წონა 270 კილოგრამია. აღნიშნულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ამ მასის დიდი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვებოდა.

კომენტარები