მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ალასანია პოლონელ ექიმებზე: რად მინდა კიდევ ახალი ექიმები, გეკითხებით

გიული ალასანია
პალიტრანიუსი

"რად მინდა კიდევ ახალი ექიმები, გეკითხებით" - უთხრა რუსთავი 2-ს მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ და აღნიშნა, რომ მას პოლონელი ექიმების ჩამოსვლა არ უთხოვია.

"მე ვინც მინდოდა, თავის დროზე ყველა მოვიწვიეთ და გვყავს, 7 უცხოელი იყო მოწვეული, ძალიან ცნობილი და მაღალი კვალიფიკაციის ხალხი. არ ვიცი, რა საჭიროა, ეგრე შეიძლება, მთელი ქვეყანა მოვიწვიოთ და მოვიწვიოთ და მოვიწვიოთ გაუთავებლად, რას გვაძლევს?" - კითხულობს ალასანია.


მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქართველოში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით პოლონელი ექიმები ჩამოვიდოდნენ. 12 მარტს გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ მათი ვიზიტი ყოვნდებოდა.   

"ფაქტია, პოლონელი ექიმები ვერ ჩამოდიან. ის ხალხი გამზადებულია მთელი თავისი აღჭურვილობითა და მანქანით, რომელშიც ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანი გასინჯონ და თავისი დასკვნა დაწერონ [...] მაგრამ, ვერ ჩამოდიან, აქედან ნებართვას არ აძლევენ" - ამბობდა 19 მარტს გიული ალასანია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უცხოელმა ექიმმა მონაწილეობა მიიღოს სააკაშვილის მკურნალობაში, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს დააკმაყოფილებს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით კი, უცხოელ მედიკოსებს განაცხადი გადმოგზავნილი აქვთ, თუმცა ლიცენზიის მისაღებად სპეციალური დოკუმენტაცია აღარ წარმოუდგენიათ.

2 მარტს, პოლონურმა გამოცემა Polskie Radio-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად დათანხმდა, პოლონელმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯონ. თუმცა, მეორე დღესვე იუსტიციის სამინისტომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ  "საფუძველს მოკლებული განცხადებაა". 

EU-ს 27-მა სახელმწიფომ საერთო შეთანხმებით იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დიპლომატიური დემარშით მიმართა, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეშფოთებას გამოხატავდა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ცნობით, 27 თებერვალს ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებთან შეხვედრაზე, რომლებმაც მას მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბლოკის ყველა ქვეყნის ერთობლივი დიპლომატიური დემარში წარუდგინეს, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა.

იქამდე, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ პოლონეთი მზადაა, სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს. მატეუშ მორავიეცკის განცხადებითვე, "თუ საქართველოს სურს, ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა".

კომენტარები