რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩინეთის დახმარება სურს

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სურს, რომ ჩინეთის დახმარებით რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაიწყოს. მაკრონმა საგარეო პოლიტიკის მრჩეველს, ემანუელ ბონს დაავალა, ჩინეთის მთავარ დიპლომატთან, ვანგ ისთან იმუშაოს, რათა მომავალი მოლაპარაკებებისთვის საჭირო ჩარჩო ჩამოაყალიბონ. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება.

"როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, არ არსებობს ჯადოსნური აბები კრიზისის მოსაგვარებლად. [...]  ყველა მხარეს დასჭირდება ორმხრივი ნდობის მოპოვება, რათა შეიქმნას პირობები ზავისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის" - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

თუ ყველაფერი გეგმისამებრ განვითარდება, საფრანგეთის სტრატეგია რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს მიმდინარე წლის ზაფხულში ითვალისწინებს.

ჩინეთში მოგზაურობისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, დაერწმუნებინა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ესაუბრა - ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს ომის დაწყების შემდეგ ჯერ კიდევ არ უსაუბრიათ. 

"ჩინეთი მხარს უჭერს ევროპას, როგორც მის ფუნდამენტურ და გრძელვადიანი ინტერესებს, ისე მის მცდელობას, ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე განახლებას, რათა შეიქმნას დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი ევროპული უსაფრთხოების ჩარჩო სხვადასხვა მხარის გონივრული ინტერესის გათვალისწინებით." - ამბობს ჩინეთის წარმომადგენელი.

გაურკვეველია, აქვს თუ არა მაკრონს მხარდაჭერა კიევისა და მისი მოკავშირეების მხრიდან მის გეგმაზე, იმ პირობებში, რომ მხარე ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებს არ თანხმდება, ვინაიდან ეს რუსეთს ტერიტორიული მოგების შენარჩუნების საშუალებას მისცემს. ბევრი ქვეყანა ასევე სკეპტიკურად უყურებს იმას, რომ ჩინეთს შეუძლია ნეიტრალური შუამავალი იყოს რუსეთთან, რუსეთისა და ჩინეთის მეგობრობის გათვალისწინებით. ქვეყნებმა არაერთხელ დადეს შეთანხმება, რომ გააძლიერონ ურთიერთბობა და, მათ შორის, სამხედრო კავშირები.

მაკრონის ოფისის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა ბონის ვანგთან საუბრის გეგმა, მაგრამ დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ჩინეთში გამართული ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტ სი ძინფინგთან გამოთქვა იმედი, რომ ის უკრაინაში ომის დასრულებაში წვლილს შეიტანს. 

"ვიცი, შემიძლია მქონდეს თქვენი იმედი, რომ რუსეთი გონზე მოიყვანოთ და ყველა დააბრუნოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან". – თქვა მაკრონმა სი ძინფინგთან გამართულ პრესკონფერენციაზე. 

სი ძინფინგის თქმით, ჩინეთსა და საფრანგეთს მსოფლიოში მშვიდობის გარანტიის "შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა" გააჩნიათ.

"მსოფლიოს ფარგლებში, მთელი ისტორიისთვის აქამდე უნახავი ჩვენი დროის კოლოსალური ცვლილებების წინაშე, მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად ვაჩვენოთ პასუხისმგებლიანი მსოფლიო სახელმწიფოს მაგალითი და შევასრულოთ წამყვანი როლი, რათა ასე სწრაფად ცვალებადი მსოფლიო გადავიყვანოთ მდგრადი და პოზიტიური განვითარების ტრაექტორიაზე." - თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები