შეტაკებები სუდანში

Geo Sky & MyWay Airlines: სუდანში მყოფი ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან

სუდანი, ხართუმი 15.04.2023
REUTERS/Mohamed Nureldin Abdallah

ავიაკომპანიების, MyWay Airlines-ისა და Geo Sky-ის გენერალური დირექტორები აღნიშნავენ, რომ სუდანში მყოფი 30 ქართველიდან ნაწილს კომპანიების თანამშრომლები შეადგენენ. მათივე თქმით, ეს ადამიანები უსაფრთხოდ არიან, ხოლო ავიაკომპანიები მათთან კონტაქტს ინარჩუნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ავიაკომპანია Geo Sky-ის გენერალური დირექტორის, შალვა კიკნაძის თქმით, ხართუმში მყოფი 30-მდე ქართველიდან 20 კომპანიის თანამშრომელია.

"ცოტა ხნის წინ წყლითა და საკვებით მოვამარაგეთ. რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ასევე გაერო-ს მისია და ყველა ერთად ველოდებით მხარეებს შორის შეთანხმებას, რომ მოხდეს უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა, შემდგომში ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციის მიზნით. მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. აქვთ ინტერნეტი და მუდმივ კავშირზე არიან ოჯახის წევრებთანაც. არ გადიან სახლებიდან, ერიდებიან ფანჯარასთან ან აივანზე გასვლას. ძირითადად, ყველანი არიან ერთად. ჩემი ინფორმაციით, ეს შეტაკებები მასშტაბურია. შეიძლება ითქვას, შეტაკებები მათგან დაახლოებით 2 კილომეტრის რადიუსში ხდება". – აღნიშნა კიკნაძემ.

ავიაკომპანია MyWay Airlines-ის გენერალური დირექტორის, რატი ბაკურაძის თქმით, სუდანში ამ დრომდე კომპანიის 13 თანამშრომელი იმყოფება.

"ჩვენი 13 თანამშრომელი იმყოფება სუდანში. ბოლო მონაცემებით უსაფრთხოდ არიან. ეპიცენტრიდან ცოტა მოშორებით იმყოფებიან, წყალი აქვთ დაახლოებით სამი დღის მარაგის და ერთი დღის მარაგის აქვთ საკვები. თუმცა, ჩვენს სუდანელ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მივაწოდოთ საკვები და წყალი. ამ ეტაპისთვის დენი ჩართულია, გადაკეტილია გზები და მოძრაობა შეზღუდულია იქიდან გამომდინარე, რომ რევოლუციური სცენარები მიმდინარეობს. გაფრთხილებული გვყავს ყველა, რომ მოშორებით იყვნენ ფანჯრებიდან, რადგან გუშინ იყო პატარა ინციდენტი, როდესაც ბრმა ტყვია შევარდა მათი საცხოვრებლის სამზარეულოს ნაწილში, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან საძინებლები და საცხოვრებელი ნაწილი არის შენობის მეორე მხარეს. ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას, რომ ჩვენი ეკიპაჟი გამოვიყვანოთ. ამ ეტაპზე ჩვენ კომუნიკაციაში ვართ თურქეთში საქართველოს კონსულთან და ერთმანეთს ვუცვლით ინფორმაციას. მწვანე დერეფანზე საუბარი ცოტა ადრეა, რადგან რამდენიმე ძალა იმყოფება იქ, რომლებთანაც კონტროლი ძნელია". – თქვა რატი ბაკურაძემ.

ბოლოდროინდელი მონაცემებით, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 1 100-ს აღწევს. 

სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

BBC წერს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შემდეგ სუდანის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები შენიშნეს. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ისინი სუდანის საჰაერო ძალებს ეკუთვნიან და ამასთან, სწრაფი რეაგირების ძალებთან (RSF) დაკავშირებულ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. 

RSF-ის მტკიცებით, მათ კონტროლი პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე დაამყარეს, რასაც სუდანის არმია უარყოფს. მანამდე RSF-მ აღნიშნა, რომ არმია ხართუმის სამხრეთით მდებარე მის ერთ-ერთ ბანაკს თავს დაესხა, ხოლო არმიის თქმით, RSF-ის მებრძოლები მათი სამხედრო შტაბის დაკავებას ცდილობდნენ

ხუთშაბათს, 13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს.

კომენტარები