შეტაკებები სუდანში

თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა სუდანში მყოფ მოქალაქეებთან – საგარეო

სუდანის გასამხედროებულები დაჯგუფება ამბობს, რომ აკონტროლებდნენ რამდენიმე საკვანძო ადგილს  რეგულარულ არმიასთან ბრძოლის შემდეგ, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციას ცენტრალურ ხართუმში. სუდანი, 2023 წლის 15 აპრილი. 
 AFP/Getty Images

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მათი ოჯახის წევრებთან. ამის შესახებ ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს.  

"თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით". - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართველებმა ჰუმანიტარული დერეფნით ვერ ისარგებლეს, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რამდენიმესაათიანი ჰუმანიტარული დერეფანი განკუთვნილი იყო მხოლოდ დაჭრილებისა და გარდაცვლილებისათვის". 

ბოლოდროინდელი მონაცემებით, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 1 100-ს აღწევს. 

სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

BBC წერს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შემდეგ სუდანის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები შენიშნეს. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ისინი სუდანის საჰაერო ძალებს ეკუთვნიან და ამასთან, სწრაფი რეაგირების ძალებთან (RSF) დაკავშირებულ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. 

RSF-ის მტკიცებით, მათ კონტროლი პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე დაამყარეს, რასაც სუდანის არმია უარყოფს. მანამდე RSF-მ აღნიშნა, რომ არმია ხართუმის სამხრეთით მდებარე მის ერთ-ერთ ბანაკს თავს დაესხა, ხოლო არმიის თქმით, RSF-ის მებრძოლები მათი სამხედრო შტაბის დაკავებას ცდილობდნენ.  

ხუთშაბათს, 13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს. 

კომენტარები