WSJ-ის ჟურნალისტი

კრემლი: აშშ-ს შეუძლია გერშკოვიჩის დაცვა, მაგრამ გადაწყვეტილებას რუსეთის სასამართლო მიიღებს

დმიტრი პესკოვი
TheMoscowTimes

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აშშ-ის დეპარტამენტის კომენტარს პასუხობს და ამბობს, რომ აშშ-ს ყოველთვის შეუძლია თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვა, თუმცა მათი დამოკიდებულება საქმისადმი მიდგომას ვერ შეცვლის და საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის სასამართლო მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.

"შეერთებულ შტატებს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები, მაგრამ სასჯელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის სასამართლო მიიღებს [...] მე არ მესმის, რა ცვლილებები მოაქვს და რას ნიშნავს ეს ნაბიჯი [აშშ-ის დეპარტამენტის კომენტარი]. ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-ს ყოველთვის შეეძლო თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვა" - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, გერშკოვიჩი დაიჭირეს, რადგან მან დაარღვია შესაბამისი რუსული კანონი, თუმცა საბოლოო განაჩენს ამის შესახებ რუსული სასამართლო გამოიტანს.

"გერშკოვიჩი დაიჭირეს, რადგან მან დაარღვია შესაბამისი რუსული კანონი, ეს არის ის, რაშიც ის არის ეჭვმიტანილი, მაგრამ ცხადია, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს" - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ამასთან,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ აშშ-ში Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი, რომ ამერიკელი რეპორტიორი რუსეთის მიერ უსამართლოდაა დაკავებული რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს და ქვეყანა საქმისადმი მიდგომას არ შეცვლის. 

"ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენზე ზეწოლის მცდელობებს და არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსს ანიჭებენ ამ ადამიანს ვაშინგტონში. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი შინაგანი საჭიროებების, ნორმებისა და კანონების შესაბამისად, რომლებიც მოქმედებს ამ კონკრეტულ სიტუაციაში" - ამბობს რიაბკოვი.

11 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გერშკოვიჩის ოჯახს ტელეფონით ესაუბრა და თქვა, რომ ვაშინგტონი აკეთებს "ყველაფერს, რაც შეუძლია", რათა უზრუნველყოს გერშკოვიჩის გათავისუფლება. 

The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი რეპორტიორია, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, ФСБ-ის ცნობით, The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

განცხადებაში ნათქვამია, რომ გერშკოვიჩს "ამერიკულმა მხარემ სამხედრო-თავდაცვის კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ" ინფორმაციის შეგროვება დაავალა. უწყება ამის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ ავრცელებს. 

"დღეს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ევან გერშკოვიჩი უსამართლოდ არის დაკავებული რუსეთის მიერ. ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. ჩვენ ვგმობთ კრემლის მიერ რუსეთში დამოუკიდებელი ხმების მუდმივ რეპრესიებს და მის ომს სიმართლის წინააღმდეგ." - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

გერშკოვიჩი 29 მარტს რუსეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში, ეკატერინბურგში დააკავეს. Wall Street Journal-მა, მისმა დამსაქმებელმა, უარყო ბრალდებები და მოითხოვა გერშკოვიჩის გათავისუფლება - ისევე როგორც სხვა საინფორმაციო გამოცემებმა, მათ შორის POLITICO-მ.

კომენტარები