WSJ-ის ედიტორიალი

In Hoc Anno Domini

The Wall Street Journal-ის ედიტორიალი, რომელიც ვერმონტ როისტერმა 1949 წელს დაწერა და მას შემდეგ გამოცემა მას ყოველწლიურად, საშობაოდ აქვეყნებს

როცა ტარსელი სავლე დამასკოს გზას დაადგა, მაშინ ცნობილი მთელი მსოფლიო მონობის ქვეშ ესვენა. იყო ერთი სახელმწიფო, სახელად რომი და ბატონობდა ერთი ბატონი, სახელად ტიბერიუს კეისარი. 

ყველგან სუფევდა სამოქალაქო წესრიგი, იყო რა გრძელი რომაული სამართლის მკლავი. ყველგან სუფევდა სტაბილურობა, სახელმწიფოშიც და საზოგადოებაშიც - ასე ხედავდნენ ასისთავები. 

მაგრამ იყო კიდევ რაღაც. იყო შევიწროება - შევიწროება მათი, ვინც არ მეგობრობდა ტიბერიუს კეისართან. იყო გადასახადის ამკრეფი, რომ აეღო მინდვრიდან მარცვლეული და ღეროდან სელი ლეგიონების გამოსაკვებად ან გაუმაძღარი ხაზინის შესავსებად, საიდანაც ღვთაებრივი კეისარი ხალხისთვის მოწყალებას გასცემდა. იყო გამწვევი ცირკებისთვის ახალწვეულთ მოსაძებნად. იყვნენ ჯალათები, იმათ მისაჩუმებლად, ვინც იმპერატორს თვალში არ მოსდიოდა. რისთვის არსებობდა ადამიანი, თუ არა კეისრის მსახურებისთვის?

იყო მათი ჩაგვრა, ვინც ფიქრობდა განსხვავებულად, რომელთაც ესმოდათ უცნაური ხმები და კითხულობდნენ უცნაურ მანუსკრიპტებს. იყო მათი დამონება, რომელთა ტომიც არ იყო რომიდან, მათი ზიზღი, ვისაც არ ჰქონდა ნაცნობი სახე. 

და, რაც მთავარია, არაფრად ფასობდა ადამიანის სიცოცხლე. 

რა იყო ძლიერთათვის ერთი კაცი ხალხმრავალ სამყაროში?

შემდეგ, მოულოდნელად, ნათელი მოვიდა სოფლად და კაცმა გალილეიდან თქვა: მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა. 

ხმა გაისმა გალილეიდან, კეისრის დაუმორჩილებელი ხმა, რომელიც სთავაზობდათ ახალ სამეფოს, სადაც ყველა ივლიდა წელგამართული და არავის მოუხრიდა ქედს, ღვთის გარდა. რადგან, "რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ". და წარგზავნა მან ეს სახარება დედამიწის შორეულ კიდეებამდე.

და ნათელი მოვიდა სოფლად და ყველა, ვინც ვიდოდა ბნელში, შეშინდა და ეცადნენ ფარდის ჩამოფარებას, რათა ადამიანებს ხსნა კვლავ წინამძღოლებთან ეპოვათ.

მაგრამ მოხდა ისე, რომ მრავალ განსხვავებულ ადგილას ჭეშმარიტებამ გაათავისუფლა ადამიანები, შეურაცხყოფილი წყვდიადის ხალხი კი სინათლის ჩაქრობას ეცადა. გაისმა ხმა: იჩქარეთ. იარეთ, სანამ ნათელია და სანამ წყვდიადი მოგიცავთ, რადგან წყვდიადში მოარულმა არ იცის, სად მიდის.

დამასკოსკენ მიმავალ გზაზე ნათელი კაშკაშებდა. მაგრამ შემდეგ ტარსელი პავლეც შიშმა შეიპყრო. შეეშინდა, რომ ერთ დღესაც სხვა კეისრები, სხვა წინასწარმეტყველები დაარწმუნებდნენ ადამიანებს, რომ ისინი მათი მსახურებისთვის არსებობენ, შეეშინდა, რომ ადამიანები ერთი მათლაფის გამო დათმობდნენ ღვთივბოძებულ უფლებას და აღარ ივლიდნენ თავისუფლები.

შეეშინდა, რომ შესაძლოა მოხდეს ისე, რომ წყვდიადმა დაისადგუროს, დაიწვას წიგნები და ადამიანებმა იფიქრონ მხოლოდ იმაზე, რა ჭამონ, რით შეიმოსონ და სად გაჰყვნენ ახალ კეისრებსა და ცრუ წინასწარმეტყველებს. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ აღმოსავლეთით ადამიანებმა აღარც ზამთრის ვარსკვლავის დასანახად აიხედონ და კვლავ, ერთხელ და სამუდამოდ ბნელმა შთანთქას ნათელი.

და ასე, პავლემ, კაცის ძის მოციქულმა, თავის ძმებს, გალატელებს მიმართა სიტყვებით, რათა უფლის ყოველ წელს გაგვეხსენებინა:

"თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს".

კომენტარები