აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

მალაშხია: მადლობა ყველას, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა

მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს და მადლობა აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ და დაიცვა საქართველოს ევროპული მომავალი. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, დღეს თქვენ დგახართ საქართველოს მოსახლეობის გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, იმ ევროპული ოჯახისა, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისაგან, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობების უფლებები.

უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჰქვია, მინდა მადლობა გითხრათ იმ განცხადებებისთვის, რომელსაც თქვენ აჟღერებთ უკრაინასთან დაკავშირებით და ეს სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქალაქეების სოლიდარობასთან და ურყევ მხარდაჭერასთან უკრაინის მიმართ.

ვფიქრობ, რომ თქვენ გამოიყენებთ თქვენს ყველა რესურსს და ბერკეტს ამ ქვეყნისათვის რთულ მომენტში და აუცილებლად, ერთ დღესაც, ჩვენ გავხდებით NATO-სა და ევროკავშირის წევრი, მე ამის მჯერა, რომ ჩვენთან ერთად გახდება უკრაინა NATO-სა და ევროკავშირის წევრი. დიდება საქართველოს, დიდება ჩვენს გმირებს, დიდება უკრაინას.

თქვა ნანა მალაშხიამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მისთვის ღირსების ორდენის გადაცემის შემდეგ.

კომენტარები