რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებაზე: რუსეთის სპეცსამსახურების თამაშია

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში დასავლელი მოკავშირეების სავარაუდო დოკუმენტების გავრცელებას ეხმაურება და ამ ფაქტს რუსეთის სპეცსამსახურების სტანდარტული თამაშს უწოდებს.

პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინის მოკავშირეების საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება რუსული საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად მოკავშირეებს შორის უთანხმოების გამოწვევას ისახავს. 

"საიდუმლო მონაცემების "გაჟონვის" მიზანი აშკარაა: ყურადღების გადატანა, ეჭვების გაჩენა, უთანხმოების დათესვა". - წერს პოდოლიაკი.

მანვე აღნიშნა, რომ "ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების სტანდარტული თამაში". 

New York Times-ის ცნობით, Twitter-სა და Telegram-ზე ვრცელდება დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევისთვის მოსამზადებელ გეგმასთან დაკავშირებით აშშ-სა და NATO-ს საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს

როგორც პენტაგონი იუწყება, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ინფორმაციის გავრცელების წყაროსთან დაკავშირებით. სპეციალისტები მუშაობენ დოკუმენტების სოციალური მედიიდან წაშლაზე. 

New York Times-თან ინტერვიუში სამხედრო ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტების შინაარსი დიდი ალბათობით შეცვლილია. ეს შესაძლოა მოსკოვის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა იყოს, ვინაიდან დოკუმენტში უკრაინის დანაკარგები გადაჭარბებულად არის შეფასებული, ხოლო რუსეთის - პირიქით. 

New York Times-ის ინფორმაციით, დოკუმენტებში აღწერილი არაა  სად, როდის და როგორ აპირებს უკრაინა კონტრშეტევის წარმართვას, თუმცა მათში ბევრი მინიშნებაა სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით.

კომენტარები