ისრაელი

ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროების მობილიზება დაიწყო

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა გუშინ, 7 აპრილს თელ-ავივში თავდასხმების პასუხად პოლიციის რეზერვებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების წევრების მობილიზება გამოაცხადა.

"პრემიერმინისტრმა ტერორისტულ თავდასხმებთან დასაპირისპირებლად ისრაელის პოლიციას დაავალა, დაიწყოს მობილიზება სასაზღვრო პოლიციის ყველა ქვედანაყოფის და უბრძანა IDF-ს, შეძლოს დამატებითი ძალების მობილიზება". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

გასულ ღამეს ავტომანქანის შეჯახებისას 36 წლის მამაკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ყველა დაზარალებული ტურისტი იყო. 

6-7 აპრილს ისრაელმა, ღაზის სექტორიდან და ლიბანიდან რაკეტების სროლის პასუხად, ამ ტერიტორიებზე იერიშები მიიტანა.

გასულ ღამეს პალესტინურმა ჯგუფებმა ღაზის სექტორიდან 44-მდე რაკეტა ისროლეს, ორ ტალღად. ისრაელმა საპასუხო იერიშები ორივე ტალღის შემდეგ მიიტანა. მათი სამიზნე ანკლავის მმართველი რადიკალური დაჯგუფების, ჰამასის 10-მდე ობიექტი იყო. იერიშები მიიტანეს ჯგუფის გვირაბებზე, იარაღის საწარმოებსა და რაკეტის გამშვებ დანადგარებზე. 

აქამდე, ლიბანის სამხრეთიდან, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლა აკონტროლებს, ისრაელის მიმართულებით 34 რაკეტა ისროლეს. ჰეზბოლას პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა აქ მოქმედი პალესტინური დაჯგუფებები მსგავს თავდასხმას მათი ნებართვისა და ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განახორციელებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში იერიშები ჰამასის აქ მყოფი განშტოების ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად სამხრეთ ლიბანში, სადაც პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკებია, ჰამასს გარკვეული გავლენები აქვს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ სამხრეთ ლიბანში ჰამასს მოქმედების საშუალებას არ მისცემენ და მათ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ლიბანს აკისრებენ.

უსაფრთხოების საბჭოს კრებაზე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული მიმდინარე შიდა უთანხმოება იერუსალიმს მტკიცე პასუხის გაცემაში ხელს ვერ შეუშლიდა.

დაძაბულობის ზრდა 5 აპრილს, იერუსალიმში მდებარე ალ-აკსას მეჩეთში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებამ გამოიწვია. წლის ეს პერიოდი ისრაელში მუდამ დაძაბულია, რადგან ებრაელები პასექს, არაბები კი რამადანის წმინდა თვეს აღნიშნავენ. 2021 წელს მსგავსი დაძაბულობა 11-დღიან ომში გადაიზარდა. ჰამასმა და სხვა პალესტინურმა ჯგუფებმა მაშინ 3 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, ისრაელს კი საპასუხო იერიშები მიჰქონდა. კონფლიქტი ეგვიპტის შუამავლობით დასრულდა.

ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას ახლო კავშირები აქვს ღაზის სექტორში მოქმედ პალესტინურ დაჯგუფებებთან: ჰამასთან და ისლამურ ჯიჰადთან.

კომენტარები