დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

დაძაბულობის ფონზე, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 30 რაკეტა ისროლეს

რკინის გუმბათის სისტემა მოქმედებაში, 13 მაისი, 2021
The Times of Israel

რამადანისა და პასექის დღესასწაულების პარალელურად არსებული დაძაბულობის ფონზე, რაც იერუსალიმში დაიწყო, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 30 რაკეტა ისროლეს.

ლიბანში მოქმედი, ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ლიბანის სამხრეთ რეგიონს ფაქტობრივად აკონტროლებს, უარყოფს, რომ მათი ჯგუფი თავდასხმაზე პასუხისმგებელია. პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

მედია al-Arabiya-ს ცნობით, თავდასხმების უკან ლიბანში მყოფი პალესტინური ჯგუფები დგანან. 

ლიბანიდან ბოლო პერიოდში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს ისრაელი სწორედ მსგავს ჯგუფებს აბრალებდა და არა ჰეზბოლას. თუმცა, როგორც ისრაელის მედიაში წერენ, ამ დაჯგუფებებს მსგავსი თავდასხმისთვის, სულ მცირე, ჰეზბოლას მხარდაჭერა და ნებართვა დასჭირდებოდათ.

ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სულ მცირე, 5 რაკეტა. შედეგად დაშავებულია ერთი მოქალაქე. დანარჩენი რაკეტები რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უვნებელყვეს.

ეს 2006 წლის ომის შემდეგ, ყველაზე დიდი რაოდენობის რაკეტებია, რაც ისრაელს ლიბანიდან ესროლეს. 2021 წლის აგვისტოში ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 19 რაკეტა ისროლა, რაც 2006-ის შემდეგ აქამდე არსებული მაქსიმუმი იყო.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შემთხვევასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭო დაიბარა.

გასულ ღამეს, სულ მცირე, 7 რაკეტა ისროლეს ღაზის სექტორიდანაც, თუმცა საბრძოლო მასალები ჰაერში აფეთქდა. 

5 აპრილს სიტუაცია პალესტინელ ებრაელებსა და ისრაელის პოლიციას შორის კვლავ დაძაბული რჩებოდა. ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის პოლიცია იერუსალიმში მდებარე ალ-აკსას მეჩეთში შევიდა და აქ გამაგრებული 350-მდე პალესტინელი დააკავა. ამის შემდეგ ღაზის სექტორიდან 16 რაკეტა ისროლეს, რასაც ისრაელმა საპასუხო იერიშით უპასუხა.

ინციდენტი მუსლიმთა წმინდა თვეში, რამადანის დროს და ებრაელთა პასეხის პარალელურად მოხდა. წლის ეს პერიოდი იერუსალიმში მუდამ დაძაბულია. არსებობს 2021 წლის 11-დღიანი ომის მსგავსი ესკალაციის შიშები.

 

კომენტარები