რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში გაასამართლებენ სამხედროებს, რომლებმაც 368 ადამიანი ერთი თვით სარდაფში გამოკეტეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კანონის წინაშე გასამართლდება 15 რუსი ჯარისკაცი, რომლებსაც ბრალად ედებათ ერთი თვის განმავლობაში ჩერნიგოვის სოფელ იაგოდნოეში 360-ზე მეტი მძევლის აყვანა.

ომის დაწყების შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა იაგოდნოეს მთელი მოსახლეობა დააკავეს და ადგილობრივი სკოლის სარდაფში გამოკეტეს. დაკავებულთა შორის იყვნენ მოხუცები და ბავშვებიც. მძევლებს უკიდურეს სივიწროვეში, მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ცხოვრება. უჰაერობისა და გაუსაძლისი პირობების გამო ასაკით ყველაზე უფროსი მძევალი ტყვეობას ვერ გადაურჩა. იაგოდნოეს მოსახლეობის პატიმრობა ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, სანამ რუსულმა სამხედრო ძალებმა უკან არ დაიხიეს.

"რუსეთის ფედერაციის 15 სამხედრო მოსამსახურეს ჩერნიგოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გაასამართლებენ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში, ჩერნიგოვის ოლქის ოკუპირებულ სოფელ იაგოდნოეში, რუსმა სამხედროებმა ცოცხალ ფარად გამოყენების მიზნით, 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი სკოლის სარდაფში იძულებით გამოკეტეს". - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები