საქართველო-ეროკავშირი

იოზვიაკი: სავარაუდოდ, კომისია საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს

MD Photography / Shutterstock

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, წინასწარი ვარაუდით, 2022 წლის შემოდგომაზე ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.

"ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს განახლებულ ინფორმაციას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების სტატუსების შესახებ. მოსალოდნელია, რომ გაფართოების საბოლოო ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება. ასე რომ, 6 თვე დარჩა, მაგრამ სამუშაო ვარაუდი ასეთია: გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის". – წერს იოზვიაკი Twitter-ზე.

აქამდე, გასულ დღეებში რადიო თავისუფლების ანონიმური წყაროები ამბობდნენ, რომ  ევროკომისია მზადაა 2023 წლის ოქტომბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გადასაცემად. თუმცა, წყაროებისვე ცნობით, მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველომ ოქტომბრამდე არ გადადგას მორიგი ნაბიჯი ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა. 

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები