ენმ

კეზერაშვილი ენმ-ზე: არაფერში ჩავრეულვარ, მომითხოვია, არავის მოყვანა, გაშვება, სიაში ჩაწერა

AFP.com

ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის თქმით, ის ენმ-ში ნიკა მელიას თავმჯდომარეობის დროს არაფერში ჩარეულა და არც არაფერი მოუთხოვია - "არც არავის მოყვანა, გაშვება, სიაში ჩაწერა".

ტელეკომპანია ფორმულას ეთერში კეზერაშვილმა თქვა, რომ ნიკა მელიას არ იცნობდა და მათ შორის შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა.

"ყველაფერი დაიწყო ნიკას [მელია] იმ ცნობილი გამოსვლოთ 2017 წელს, როდესაც მე დამადანაშაულა, კრიმინალი მიწოდა, ის სიტყვები იხმარა, რაც იხმარა. ნიკას არ ვიცნობდი, არ მქონია არანაირი ურთიერთობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ის გახდა თავმჯდომარე პარტიის. მას შემდეგ, რაც ის დააკავეს და გამოვიდა ციხიდან, მე დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომელმაც თქვა, რომ არსებობდა სრული შეხვედრის ორგანიზება, რომ მომხდარიყო ჩემსა და ნიკას შორის. შეხვედრა შედგა, მე, რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. მე არ დავდივარ საქართველოში, არ ვურეკავ ადამიანებს და არ ვთხოვ შეხვედრებს, არ ვთხოვ, რომ გინდა თუ არა უნდა მოგეხმაროთ, რამე ხო არ გჭირდებათ, ეს არ არის ჩემი ინტერესი. მე ასე ვიცი, რომ ეს თხოვნა მოდიოდა იქითა მხრიდან, იმიტომ რომ უნდა ჩატარებულიყო არჩევნები და გარკვეული დახმარება იყო საჭირო სხვადასხვა მიმართულებით პარტიის. მე არანაირი ინტერესი არ მქონდა სხვაგვარად ამ შეხვედრის. შეხვედრა შედგა, მოვილაპარაკეთ, მე გავიგე რა იყო საჭირო, რაღაცებზე შევთანხმდი, რომ შევძლებდი ეს გამაკეთებინა და ამის შემდეგ ურთიერთობები მიდიოდა ნორმალურად, ჩატარდა არჩევნები, ჩამოვიდა მიშა, გარკვეული მოვლენები განვითარდა საქართველოში". - ამბობს ის.

კეზერაშვილი ასევე ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალ მენეჯმენტში ადამიანებთან მეგობრობს და თუ მათ მისი დახმარების სურვილი ექნებათ, ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებს.

"ყველაფერი იყო ნორმალურად, შარშან ზაფხულამდე, როდესაც არ ვიცი რატომღაც ჩაითვალა, რომ მე დავიწყე ხელის შეშლა მისთვის [ნიკა მელია] პარტიაში თავისი საქმის კეთებაში. ეგრე არაფერი ყოფილა, მე არაფერში ჩავრეულვარ, არც არაფერი მომითხოვია, არც არავის მოყვანა, გაშვება, სიაში ჩაწერა, ეს ყველაფერი არის ან მისი ინტერპრეტაციები... მათ შორის ნაყოფიას ნაწილში, ნაყოფია ენმ-ს წევრია ბევრი წელია, მანაც ილაპარაკა და მივცემ თავს უფლებას ვთქვა, ჩვენ არ გვქონდა მეგობრული ურთიერთობები, მაგრამ ის რომ მე მომეთხოვა ვინმეს გაშვება ან მოყვანა, მე არანაირი ფუნქცია, როლი მაგ პარტიაში არ მაქვს, მაგ პარტიას ჰყავს დამფუძნებელი - სააკაშვილი და ჰყავდა ხელმძღვანელობა, რომელიც ჰყავდა. მე იმ ვერტიკალში არ ვარ, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებებს. ის რაღაცაზე გაბრაზდა და შემდეგ მე ვიხილე უკვე ეთერით, რომ მან გამოაცხადა რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა და არ ექნება ურთიერთობა. არ ექნება და არ ექნება, არ არის პრობლემა, არავის დავსდევ და არ ვეხვეწები ჩემთან ურთიერთობას. შემდეგ მოხდა არჩევნები, მან ასე ვთქვათ, წააგო ეს არჩევნები და ამით მორჩა პრინციპში ეს ისტორია". - თქვა მან.

2023 წლის 17 იანვარს ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ მისი და კეზერაშვილის ურთიერთობაში დაფიქსირდა ფაქტი, "რომ კონკრეტული პოლიტიკოსი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელსაც აქვს ძალიან მდიდარი ბიოგრაფია, არ უნდა ყოფილიყო პარტიის სახე". მელია ამბობს, რომ ეს მისთვის წითელი ხაზი იყო.

კომენტარები